ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება საგარეჯოში - ენმ-ის წევრებს თავს დაესხნენ

პუბლიკა

ფიზიკური დაპირისპირება იყო საგარეჯოში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარტიის წევრები მოსახლეობასთან მართავდნენ შეხვედრას, საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით.

პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ შეხვედრის მონაწილეებს ქვები ესროდნენ, იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა და ფიზიკური ანგარიშსწორება.

პარტიის წევრი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობასთან მათი შეხვედრის ჩაშლის მიზნით მობილიზებულნი იყვნენ კახეთის სხვადასხვა საკრებულოდან აპარატის თანამშრომლები, ისინი ქვებს ესროდნენ შეხვედრის მონაწილეებს, აყენებდნენ შეურაცხყოფას და იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.

„დღეს საგარეჯოში ენმ-ს ჰქონდა პენსიონერებთან შეხევდრა და ვაცნობდით ჩვენს პროგრამას საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს საპენსიო ასაკის გათანაბრებას, 400 ლარამდე პენსიის გაზრდას, საბანკო პროცენტების პენსიაზე მოხსნას. ამ საკითხებთან დაკავშირებით ეს უკვე მეორე შეხვედრა იყო, კასპში მოგეხსენებათ, რაც დაატრიალა „ქართულმა ოცნებამ“ და სპეცსამსახურებმა. გაკვეთილი ვერ გამოიტანეს, ვერ მიხვდნენ, რომ  მათი არავის არ ეშინია. ჩვენ უკან არ დავიხევთ, იმიტომ, რომ ჩვენ უკან არის სახელმწიფო ინტერესები…

დღეს საგარეჯოში მობილიზებული იყვნენ საგარეჯოს საკრებულოს, მთელი კახეთის საკრებულოებიდან აპარატის თანამშრომლები, საჯარო მოხელეები და პირდაპირ ძალადობაზე გადმოვიდნენ. იყო ქვების სროლა, იყო შეურაცხყოფა, ფიზიკური დაპირისპირება, მათ მიიღეს პასუხი, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, ეს არ არის ნორმალური ვითარება და ხელისუფლებაა ამაზე პასუხსიმგებელი“, – უთხრა „ტვ პირველს“ ლევან ბეჟაშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები ამბობენ, რომ პოლიცია ადგილზე დაგვიანებით მივიდა და იქ მანამდე არ გამოჩნდა, სანამ სიტუაცია უკიდურესად არ დაიძაბა.

დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები საგარეჯოდან/„ფორმულა“:

„მთავრი არხის“ ცნობით, ქვა მოხვდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ია გულიაშვილსაც, დაზიანებულია „მთავარი არხის“ კამერაც. ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,- „ისინი გადამღებ ჯგუფს ხელს უშლიდნენ მუშაობაში, აგრესიულები იყვნენ ოპერატორის მიმართ, რომელსაც კამერაზე ხელს აფარებდნენ, დააზიანეს კაბელი.“