იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ახალი კანონპროექტით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ფიზიკური პირის მხრიდან დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესის დაცვას – 500 ლარით.
ოხანაშვილის თქმით, პარლამენტი კანონპროექტს მომავალ კვირას დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის არის აუცილებელი.
„ჩვენი ამოცანა არ არის, მძიმე ტვირთად დააწვეს ჯარიმა ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მოგეხსენებათ, რომ პარლამენტი კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი წესების დარღვევისთვის ჯარიმებს განსაზღვრის კანონპროექტზე მუშაობს.