„ფიზიკური პირის 5000 ლარით დაჯარიმების შესაძლებლობა" | რა სახით მიიღეს რუსული კანონი

პუბლიკა

„ხელისუფლებამ კანონში ჩუმად უკვე ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება”, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი საბა ბრაჭველი წერს.

ბრაჭველის განმარტებით, მესამე მოსმენით მიღებული პროექტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის (კიდევ ერთხელ – მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციისაც) წარუდგენლობისთვის.

მის მიერ მითითებული ნორმა მე-9 მუხლს – „პასუხისმგებლობას“ ეხება. ამ მუხლში გაწერილია, რა ოდენობის სანქციები დაეკისრება ორგანიზაციას, თუ არ დარეგისტრირდება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად.

მესამე მოსმენით მიღებულ ვარიანტში გაჩნდა ჩანაწერი, რომ „იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირისთვის მის მიერ ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით“. აღნიშნული ჩანაწერი არც ინიციირებულ და არც მეორე მოსმენისას წარდგენილ ვარიანტში არ ყოფილა.

სწორედ ამ ნორმის განმარტებისას ამბობს იურისტი, რომ ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით შეიძლება დაჯარიმდეს მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობისთვის.

  • მუხლი-9-ინიციირებული

  • მუხლი-9---მეორე-მოსმენა

  • მუხლი-9-მიღებული








  • 01
    /




როგორც საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილებების შესახებ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას ჩაემატა.

„შეეხება ამ პუნქტს, ეს იყო მეორე მოსმენის დროს განხილული საკითხი და გულისხმობს, მაშინ, როცა საჭიროა ხოლმე ინფორმაციის მოპოვება, ხდება მოკვლევა ამა თუ იმ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, პირებს ვალდებულება აქვთ, რომ მიაწოდონ ეს ინფორმაცია, როგორც იურიდიულ პირებს, ისე ფიზიკურ პირებს. მიწოდების ვალდებულება აქვთ. რეგისტრაცია არ ეხება ფიზიკურ პირებს…

ინფორმაციის მოპოვება არის ხოლმე საჭირო ცალკეულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით და ყველა ვალდებულია, როგორც ორგანიზაცია, ისე ფიზიკური პირი, რომ მიაწოდონ ეს ინფორმაცია”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, „ქართული ოცნების“ წევრების „პირობა“, რომ კანონი არ გავრცელდება ფიზიკურ პირებზე, ეხება მათ რეგისტრაციის ვალდებულებას. მისივე თქმით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაციის ვალდებულებას კანონი კვლავ მხოლოდ იურიდიულ პირებს აკისრებს.

პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცემა

გარდა ამისა, საბა ბრაჭველი აღნიშნავს იმასაც, რომ მესამე მოსმენით მიღებული პროექტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, მოითხოვოს არა მხოლოდ ყველა სახის პერსონალური მონაცემი, არამედ საიდუმლოების შემცველი ინფორმაციაც.

მე-8 მუხლის, მესამე პუნქტში ვკითხულობთ, რომ:

„მონიტორინგის განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა). ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია”, – წერია მესამე მოსმენით მიღებულ რედაქციაში.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მონაცემში შედის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი. კერძოდ:

  • მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება;

პარლამენტის ვებგვერდზე II მოსმენის გრაფაში ატვირთულ პროექტში კი წერია მხოლოდ ის, რომ:

„მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად
მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი”.

„ერთი სიტყვით, ამ კანონით ხელისუფლებას უჩნდება შესაძლებლობა, ნებისმიერი ორგანიზაცია, დონორი, ადამიანი დააჯარიმოს იმდენჯერ და იმდენი ოდენობით, სანამ მისი ანგარიშები სრულად არ დაყადაღდება და ფუნქციონირება/ცხოვრება შეუძლებელი არ გახდება.

ხელისუფლება რომ სიტყვას გატეხდა – ეს ვიცოდით. რუსული კანონი რომ რუსულ თარგზე წავიდოდა და ფიზიკურ პირებს აუცილებლად დაუწესებდა ჯარიმებს – ამასაც ვამბობდით. მაგრამ ისე იჩქარეს, რომ ჯერ არმიღებულ კანონში ჩაწერეს ფიზიკურ პირებზე სანქციები. ეს უტიფრობის სრულიად ახალი მწვერვალია.

ცხადია, რუსული კანონი აქამდეც ეხებოდათ ჩვეულებრივ ადამიანებს. ევროინტეგრაცია რომ გვერდით გადავდოთ, ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველა მოვიხმართ იმ სიკეთეებს, რაც საერთაშორისო დახმარებებით მიიღწევა. მთავრობა თუ საავადმყოფოებს ხურავს, ცხადია, რომ ეს მხოლოდ ექიმებს და ექთნებს კი არა, ყველა პაციენტს შეეხება.

თუმცა, თუ აქამდე ჩვეულებრივ მოქალაქეზე კანონის გავლენა შეიძლება არაპირდაპირი და დროში გაწელილი ყოფილიყო, ახლა უკვე პირდაპირ და დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ კი, ეს კანონი ყველას შეგეხებათ. ახლა უკვე ღიად, აშკარად წერია, რომ ულიმიტო და შეუზღუდავი დაჯარიმებების მექანიზმი, ინფორმაციის და საიდუმლოს ულიმიტოდ და შეუზღუდავად გაცემის ვალდებულება ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება, – წერს ბრაჭველი.