ფხაკაძე: ვცდილობთ, ვიპოვოთ იაფი საწვავის წყარო, არ ვიცი, იქნება თუ არა ეს რუსეთი

პუბლიკა

„ვისოლის“ პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ნავთობიმპორტიორები ცდილობენ, იპოვონ იაფი საწვავის წყარო, თუმცა ის არ აკონკრეტებს, შემოიტანს თუ არა „ვისოლი“ საწვავს რუსეთიდან.

ფხაკაძე განმარტავს, რომ საქართველოში საწვავის ფასს საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის ცვლილება განსაზღვრავს. ის ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა და საერთაშორისო ბაზარს უჭირს დაბალი ფასის შენარჩუნება.

„ომის დაწყების შემდეგ გარკვეული პერიოდი იყო სამშვიდობო მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის, ამავდროულად, ამერიკამ გამოუშვა თავისი რეზერვები იმისთვის, რომ ფასები შემცირებულიყო და ბაზარზე სტაბილიზაცია მიეღო, მაგრამ ეს ძალიან მოკლე პერიოდი იყო. სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩავარდა და ისევ 120 დოლარს დაუბრუნდა ბარელის ფასი.

იმ პერიოდში ხელისუფლება და ჩვენც ვაკეთებდით განცხადებებს, რამეთუ ძალიან გვინდა საწვავი ღირდეს უფრო იაფი. ეს აქსიომატური ჭეშმარიტებაა, როგორ შეიძლება რიტეილერს, საცალო ქსელს არ უნდოდეს ფასები უფრო დაბალი იყოს, უფრო მეტი გაიყიდება, ნაკლები საბრუნავი სახსრები დასჭირდება. ძალიან მარტივია ამის ახსნა. ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ ელოდა ფასების შემცირებას, ლეგიტიმური იყო მათი განცხადება, ჩვენც ამას ვაცხადებდით, თუმცა შემდეგ სხვანაირად შემოტრიალდა ყველაფერი“, – განაცხადა ფხაკაძემ.

ფხაკაძე ამბობს, რომ „ვისოლი“ ალტერნატიული ბაზრების ძიებაშია.

„ჩვენ დღემდე ვცდილობთ და გვინდა ვიპოვოთ ისეთი წყარო, რომელიც უფრო იაფი იქნება, ვიდრე ევროპული საწვავი, რომელიც შემოგვაქვს. არ ვიცი იქნება თუ არა ეს რუსეთი“, – განაცხადა მან.