ფონ დერ ლაიენი: მეორე ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეიძლება შეეხოს მთელ ქვეყანას

პუბლიკა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უპასუხა 8 ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ერთობლივ წერილს, რომლებიც მათ 2025 წლის სექტემბერში, მაშინ გაუგზავნეს, როცა დაპატიმრებული იყვნენ.

წერილის ავტორები არიან: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, გივი თარგამაძე, გიორგი ვაშაძე, ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი თავის პასუხში მადლობას უხდის მათ წერილისთვის, რომელშიც „ხაზგასმულია შეშფოთება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით“.

ევროკომისიის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ „ევროკავშირი გააგრძელებს ყველა ძალისხმევას ქართველი ხალხის დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისთვის“ და მოუწოდებს „ყველა პოლიტიკურ აქტორს საქართველოში, იმუშაონ ამ მიზნის მისაღწევად“.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ჰყვება ევროკავშირის მხრიდან გადადგმული იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც მათ „ქართული ოცნების“ ქმედებების პასუხად გადაიდგა.

მიმდინარე მოვლენებზე რეაგირების მიზნით, კომისიამ მიიღო შესაბამისი ზომები, მათ შორის:

  • ხელისუფლებისთვის ორმხრივი ფინანსური დახმარების შეჩერება;
  • ჩვენი პოლიტიკური კონტაქტების დონის დაწევა;
  • ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის;
  • საქართველოს გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებული რჩება, რაც უკვე დაასკვნა ევროპულმა საბჭომ 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი აქცენტს აღნიშნავს იმ წუხილის შესახებ, რომლებიც ევროკავშირმა გამოხატა საქართველოში განვითარებულ ნეტაგიურ მოვლენებთან დაკავშირებით:

„ევროკავშირმა მკაცრი რეაგირება მოახდინა და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და უსამართლოდ დაკავებული პირი. ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება საარჩევნო დარღვევების, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის, რეპრესიული კანონმდებლობის მიღებისა და მართლმსაჯულების სისტემის რეპრესიების ინსტრუმენტად გამოყენების გამო. ეს ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ასევე საუბრობს ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ 2025 წლის 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომლითაც  ევროკომისიამ დაასკვნა, რომ საქართველომ კიდევ უფრო უკან დაიხია ისეთ ძირითად კრიტერიუმებში, როგორებიცაა მმართველობა, კანონის უზენაესობა, სავიზო პოლიტიკის შესაბამისობა და კორუფციასთან ბრძოლა, რაც საფუძვლად უდევს უვიზო მიმოსვლას.

„ამ უკან დახევის სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით, კომისიამ დაიწყო პროცედურა შემდგომი ზომების მისაღებად ვიზის შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში:

ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე ვიზების შეჩერება შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რაც უზრუნველყოფს შეჩერების მექანიზმის ერთგვაროვან გამოყენებას ყველა წევრ სახელმწიფოში.

მეორე ეტაპზე, თუ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პრობლემები არ აღმოიფხვრება, უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე.

წევრი სახელმწიფოები მსჯელობენ საქართველოში გასატარებელ პოტენციურ შემდგომ ზომებზე. მიუხედავად იმისა, რომ წევრ ქვეყნებს შორის სანქციებთან დაკავშირებით კონსენსუსი ჯერ არ არის მიღწეული. გრძელდება დისკუსიები იმ პირთა პასუხისმგებლობის შესახებ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილებას ერთხმად იღებენ წევრი სახელმწიფოები ევროპულ საბჭოში.

ევროკავშირი რჩება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის ერთგული საქართველოში. დარწმუნებული იყავით, რომ ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ქართველ ხალხს და მათ მისწრაფებებს ევროპული მომავლისკენ“, – ნათქვამია ურუსლა ფონ დერ ლაიენის წერილში.

ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თავიანთ წერილში აცხადებდნენ, რომ ქვეყანა დგას „ისტორიული რღვევის ზღვარზე“.

წერილში ისინი საუბრობენ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე, რომლებმაც „მოახდინეს ძალაუფლების კონსოლიდაცია, მიიტაცეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და თანმიმდევრულად ანადგურებენ დემოკრატიულ წესრიგს“.

პოლიტიკოსები ასევე მიუთითებენ პოლიტიკური პატიმრების დიდ რაოდენობასა და საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების მიმართ სასტიკ ძალადობაზე, ასევე, რეპრესიულ კანონებზე, რომელთა სამიზნეც დემოკრატიული ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოებაა.

ამავდროულად, წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქვს მწვავე გეოპოლიტიკური განზომილება.

„თუ ეს ტრაექტორია გაგრძელდება, ეს იქნება გადამწყვეტი გამარჯვება კრემლისთვის, რომელმაც ღიად და ენთუზიაზმით დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“; ასევე გადამწყვეტი იქნება ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმისთვის, რომლის ჩართულობაც უპრეცედენტო დონეზეა მისაღები. ასეთი შედეგი კატასტროფა იქნება ქართველი ხალხისთვის, რომელიც არაჩვეულებრივი სიმამაცით აგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას რუსული სტილის სასტიკი რეპრესიების კამპანიისადმი. შესაბამისად, ეს ასევე იქნება ევროპისა და ევროკავშირის მძიმე მარცხი“.

ქართველი პოლიტიკოსები ასევე წერენ, რომ ისინი აცნობიერებენ, რომ ევროკავშირის დაუყოვნებლივი ძალისხმევა მიმართულია უკრაინის მხარდაჭერაზე რუსული აგრესიისგან თავდაცვისკენ, რაც დღეს ევროპის წინაშე მდგარი ყველაზე აქტუალური უსაფრთხოების გამოწვევაა.

„ყოველგვარი დათქმის გარეშე, ჩვენ და ქართველი ხალხი მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ ძალისხმევას.

თუმცა, უნდა გავიხსენოთ: უკრაინამდე იყო საქართველო. 2008 წელს ვლადიმერ პუტინის რეჟიმმა პირველად გამოცადა კამპანია ცივი ომის შედეგების შესაცვლელად და იმ ერების ხელახლა დასამონებლად, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა ოკუპაციისა და ტოტალიტარული მმართველობის შემდეგ დემოკრატიული, ევროპული საზოგადოებების მშენებლობისკენ ისწრაფოდნენ. ქართველი ხალხის მიმდინარე ბრძოლა ამავე პროცესის ნაწილია და ამ ფართო კონტექსტში უნდა განიხილებოდეს“, – წერენ ოპოზიციონერები.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ერთი წევრი ქვეყანა გამუდმებით აფერხებს კომისიის მცდელობებს, მიიღოს ქმედითი სანქციები ივანიშვილისა და მისი კრემლთან დაკავშირებული ქსელის წინააღმდეგ.

ოპოზიციონერები მოუწოდებენ ევროკომისიას, დაუწესოს მიზანმიმართული სანქციები იმ ადამიანების ჯგუფს, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევაზე საქართველოში.

„მიუხედავად იმისა, რომ ვიმედოვნებთ, ეს წინააღმდეგობა დროთა განმავლობაში დაიძლევა, ვიზის შეჩერების ახლად მიღებული მექანიზმი ამ ეტაპზე წინსვლის მნიშვნელოვან საშუალებას იძლევა. ეს ინსტრუმენტი იძლევა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობას იმ კონკრეტული პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე ევროკავშირის სრული კონსენსუსის საჭიროების გარეშე.

მოგიწოდებთ მისი ფართომასშტაბიანი გამოყენებისკენ, რათა მან მიზანში ამოიღოს რეჟიმის ძალაუფლების ვერტიკალის ყველა დონე, არალეგიტიმური პარლამენტის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები, მოსამართლეები, პროკურორები, უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრებიც კი. მხოლოდ ამ მექანიზმის ფართო და სისტემურ გამოყენებას შეუძლია შექმნას ის აუცილებელი ზეწოლა, რომელიც აიძულებს რეჟიმს, შეცვალოს კურსი.

ქალბატონო პრეზიდენტო,

ქართველმა ხალხმა უკვე დაამტკიცა თავისი სიმტკიცე და სიმამაცე თავისუფლებისა და ევროპული მომავლის დასაცავად. მხოლოდ გადამწყვეტ ევროპულ ლიდერობას და თანმიმდევრულ პოლიტიკას საქართველოში კრემლის ტრიუმფის აღსაკვეთად შეუძლია ამ შედეგის თავიდან აცილება“, – ნათქვამია წერილში.