გიორგი გვიმრაძე: ფორმატის ცვლილება ჩვეულებრივი ამბავია

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაცემა „ახალი კვირის“ ფორმატს ცვლის. ინფორმაცია გადაცემასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე „პუბლიკას“ მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, გადაცემა, სავარაუდოდ, გაზაფხულის სეზონზე დაბრუნდება ბადეში. ახალი ფორმატისთვის პილოტებზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს და რეორგანიზაციის დასრულებამდე ვერ პასუხობს კითხვებს – როგორი იქნება ახალი გადაცემა? იქნება თუ არა წამყვანი იგივე? იმუშავებს თუ არა გადაცემაზე იგივე ჯგუფი.

გადაცემის ყოფილ წამყვანს, იმედა დარსალიას ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები აქვს და ამბობს, რომ მენეჯმენტის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, თუმცა საბოლოო დასკვნისთვის რეორგანიზაციის პროცესის დასრულებასა და ცვლილებების საჭიროებაზე მენეჯმენტის ოფიციალურ არგუმენტებს ელოდება.

„რამდენი ადამიანი იმუშავებს? ვინ წაიყვანს? რა ფორმატის იქნება გადაცემა? – ამ კითხვებზე დაზუსტებული პასუხი ჯერ არ მაქვს. ზუსტად ვიცი, რომ გადაცემის სახელი იგივე იქნება და იმავე დროს გავა.

ჩვეულებრივი ამბავია ფორმატის ცვლილება. ჩემმა გადაცემამ 3 წლის განმავლობაში სამჯერ შეიცვალა ფორმატი. ეს ყველაფერი დაფუძნებულია კვლევებზე, რომლებსაც მუდმივად ვატარებთ. ვსწავლობთ, როგორ მიმდინარეობს გადაცემა და ცვლილებებიც ამ მონაცემებიდან გამომდინარე ხდება ხოლმე საჭირო.

ჩვენს გადაწყვეტილებას ერთადერთი მიზანი აქვს – გადაცემა გახდეს უკეთესი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვატარებთ კვლევებს, ვსწავლობთ აუდიტორიას და ამ ცოდნის პერსპექტივიდან ვიღებთ გადაწყვეტილებებს და არა იმ გარე ფაქტორებით, რომლებიც ჩემში იწვევს ირონიას, რომ თითქოს კონკრეტულ ჯგუფებს მოუვიდათ ინციდენტი კონკრეტულად ჟურნალისტთან და ეს გახდა ცვლილებების მიზეზი“, – განუცხადა „პუბლიკას“ გიორგი გვიმრაძემ.

მისი თქმით, გადაცემაზე მომუშავე ჯგუფის უმრავლესობა რეორგანიზებულ გადაცემაში მუშაობას ისევ გააგრძელებს. შესაძლოა წამყვანიც იგივე დარჩეს, ან ერთის ნაცვლად გადაცემა ორმა წამყვანმა წაიყვანოს.

„პუბლიკამ“ შეკითხვა გადაცემის ერთ-ერთი ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძის შესახებ დასვა. ქეთი თუთბერიძე რამდენიმე კვირის წინ „კონსერვატიული მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე თავდასხმის ობიექტი გახდა.

კერძოდ, 2021 წლის 24 დეკემბერს, პოლიტიკური პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ მიერ სახალხო დამცველის ოფისის წინ ორგანიზებული აქციის ფარგლებში, რომელზეც მონაწილეები 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, ქეთი თუთბერიძეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად შესრულების შესაძლებლობა არ მიეცა. რის გამოც თუთბერიძემ შესაბამის უწყებებს მიმართა. გიორგი გვიმრაძის თქმით, ქეთი თუთბერიძე მუშაობას გააგრძელებს როგორც არხზე, ისე გადაცემაში.

„ქეთისთან დაკავშირებით დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ის გადაცემაში და არხზე მუშაობას აგრძელებს“, – ამბობს გვიმრაძე.

იმედა დარსალიას განცხადებით, გადაცემის რეორგანიზაციის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან მისი შეფასებით, გადაცემა იყო წარმატებული და მისი ნამუშევრები აღიარებულია პროფესიულ და ავტორიტეტულ კონკურსებზე. იმედა დარსალია ამბობს, რომ მენეჯმენტისგან რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ცვლილებების საჭიროებაზე ოფიციალურ არგუმენტებს ელოდება და ამის შემდეგ მაყურებელს გადაცემაში ცვლილებების მიზეზებზე მის აზრს გააცნობს.