ტელეკომპანია „ფორმულა” ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა“.
„მოვითხოვთ ქეთა ციცქიშვილის გათავისუფლებას, ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო მეგობრებს ქმედითი მხარდაჭერისკენ, რათა რეჟიმმა კრიტიკული მედიის დევნისთვის შესაბამისი პოლიტიკური ფასი გადაიხადოს. მიუხედავად მძიმე სამუშაო პირობებისა, „ფორმულა“ განაგრძობს თავისუფალი სიტყვის დაცვას“, – ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ შსს-მ რუსთაველზე საპროტესტო აქციაზე გზის უკანონოდ გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით ადმინისტრაციული დაკავებები განაახლა.
„ჩემამდეც მოვიდნენ. მომაკითხეს მილიციელებმა. რომ ჰგონიათ ან მე შემეშინდება, ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს, ან ჩემს რომელიმე მეგობარს. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. „ქართული ოცნება“, რუსებო! დე, მა, ბებო/ბაბუ, არ ინერვიულოთ“, – დაწერა ქეთა ციცქიშვილმა Facebook-ზე.
„ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროტესტის შემზღუდავი კანონის აღსრულება გუშინ, 19 ოქტომბერს დაიწყო და წინა დღეს რუსთაველზე გზის უკანონოდ გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით დააკავა 14 ადამიანი. მათ ნაწილს რამდენიმედღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მათ შორის, „ფორმულას” კიდევ ერთ ჟურნალისტ ვახო სანაიას.
დღეს ქეთა ციცქიშვილის გარდა დააკავეს კიდევ რამდენიმე ადამიანი.