„ფორმულას" ცნობით, ნიკა მელიას დაკავების შესახებ „ოცნების" პოლიტსაბჭოს ჩატიდან ე.წ. სქრინები მოიპოვეს

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას” ცნობით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ჩატიდან ე.წ. სქრინები მოიპოვეს, რომელიც, მათივე თქმით, 2021 წლის 17-18 თებერვლით თარიღდება და მასში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმდროინდელი თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხი წყდება.

ჩანაწერების მიხედვით, 17 თებერვალს, 23:59 წუთზე მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ასაბუთებს, თუ რატომაა დაუშვებელი ნიკა მელიას დაკავება „ნაციონალური მოძრაობის” ოფისში.

„ფორმულას” მიერ გავრცელებულ მიმოწერაში ფიგურირებენ პოლიტსაბჭოს მაშინდელი წევრები: თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი, თორნიკე რიჟვაძე, მაკა ბოჭორიშვილი და სხვები.

ჩატში გიორგი გახარია წერს:

„ამ პირობებში, ოპოზიციური პარტიის შენობის შტურმი უკიდურესად არაგონივრულია და გაუმართლებლად მაღალი რისკების მატარებელია. პოლიციას არ აქვს დახურულ შენობაში ასეთი ტიპის ოპერაციის ჩატარების გამოცდილება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ რისკებს.

დადასტურებულად შეიძლება ვთქვათ – ძალის გადამეტების ბევრი შემთხვევა გვექნება. ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთ პირობებში ოპოზიციური პარტიის ოფისში სპეცოპერაციის ჩატარება ვერ იქნება შეფასებული პროპორციულ ქმედებად, რასაც მოჰყვება უკიდურესად მწვავე საერთაშორისო რეაქცია.

ვთვლი, რომ ამ ვითარებაში მაღალია იმის ალბათობაც, რომ მელიას დაკავების ოპერაცია წარუმატებელი იქნება და შეიძლება ვერ მოხერხდეს მისი შენობიდან გამოყვანა იქ მყოფების დაზიანების გარეშე. დაკავების ოპერაციის არასწორად ჩატარების შემთხვევაში, მელიას გავხდით გმირად და მივცემთ პოლიტიკურ უპირატესობას, რომელიც დღეს ოპოზიციას უბრალოდ არ გააჩნია. ამავე დროს, არ არსებობს არანაირი აუცილებლობა მელიას დაკავება მოხდეს დაუყოვნებლივ – დღეს ან თუნდაც ხვალ.

ვფიქრობ, ყველას გვმართებს მეტი პასუხისმგებლობა და გონივრულობა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს გააზრებულად, რისკების სწორი მართვით და პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპის დაცვით. ამ პოზიციას გამოვხატავ, როგორც პრემიერმინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია აღმასრულებელი ხელისუფლების, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებებზე, შესაბამისად, დაკავება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც რისკები იქნება სწორად გააზრებული და მინიმუმამდე დაყვანილი”.

გიორგი გახარიას მესიჯზე თეა წულუკიანი პასუხობს, რომ „სრულიად იზიარებს”.

გახარიას მოსაზრებას ეთანხმება სოზარ სუბარიც: „100% ასეა! ზუსტად ამას ვფიქრობდი დღეს” – წერს სუბარი.

„სრულად მიიღწა სამაჯურის მიზანი. დაჯდა თავისით და არ გამოდის გარეთ. იუსტიციის მინისტრს შეუძლია გამოსცეს ბრძანება და მაგ ოფისს მიანიჭოს პენიტენციური დაწესებულების ნომერი და ამაზე კრეაწიული რა იქნება“, – წერს თეა წულუკიანი.

გახარიას მესიჯს დაეთანხმა ამჟამად „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც, რომელმაც დათანხმება მაღლა ხელებაწეული სმაილით დააფიქსირა.

ამის შემდეგ ჩატში ისევ თეა წულუკიანი წერს: „ეგდოს სოროში სანამ არ მოწყინდება. ერთადერთი რაც საჭიროა, არის სწორი კომუნიკაცია. აბუჩად არიან ასაგდები. სულელები უნდა ვიყოთ, რომ იქ შევიჭრათ, მათაც ეს უნდათ”.


პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ თეა წულუკიანის კომისიაზე პრემიერის თანამდებობიდან გადადგომასა და 2021 წლის 23 თებერვალს ნიკა მელიას დაკავებაზე ისაუბრა.

გახარიას განცხადებით, გადადგომა უკავშირდებოდა არა იმას, რომ ნიკა მელიას დაკავების წინააღმდეგი იყო, არამედ იმას, რომ „ივანიშვილმა ეს პროცესი თავიდან ბოლომდე წაიღო თავის თავზე”.

გახარიას თქმით, თავიდან პოლიტსაბჭოსა და მთავრობის წევრები იზიარებდნენ აზრს, რომ მელიას იმ ფორმით დაკავება არასწორი იყო, მათ შორის იმჟამინდელი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც, თუმცა, მისი თქმით, მოგვიანებით გამოჩნდა “უჩინარი კაცი”, რომელმაც ქართული ოცნების წევრებს პოზიცია შეაცვლევინა.

„ენმ-ის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.

იმ ღამეს დაიწყო საპოლიციო ძალების მომზადება და რაღაც მომენტში მე გამიჩნდა აზრი, რომ დავიწყოთ საუბარი, იქნებ  დღეს კი არ დავაკავოთ გამთენიისას, დავაკავოთ ხვალ საღამოს, ან ზეგ საღამოს – დღეებზე იყო აქ საუბარი. იქ დაპირება იყო გაცემული, რომ დასაკავებელია და ამ დაპირებას მე ყოველთვის ვასრულებდი და შევასრულებდი.

ამის შემდეგ, ვუკავშირდები პოლიტსაბჭოს ყველა წევრს, ვუკავშირდები მთავრობის ყველა წევრს და ვეუბნები, რომ „მეგობრებო, დილით ადრე, 8 საათი შემოგთავაზეთ თუ არ ვცდები, პოლიტსაბჭოს სხდომა ხომ არ მოვაწყოთ, რომ როგორ გავაკეთოთ” იმიტომ, რომ რეალურად, დავინახე სერიოზული შეჯახების რისკი არსებობდა.

ამასობაში მე ჩემი კაბინეტის წევრებთან, შს მინისტრთან, სუს-თან, ყველასთან კავშირზე ვარ, ინფორმაციები მომდის – ამ მიწერილზე ქალბატონმა თეამ, მე ეს ტექსტები მახსოვს; როდესაც თქვენ ამბობდით, რომ დღეს, ამ პირობებში, ამ გარემოში ამ შტერი მელიას დაკავებას აზრი არ აქვს, ამიტომ ჯობია ეს გადავავადოთ, რამდენი ხანიც საჭიროა, რომ დაწყნარდეს სიტუაცია.

ვციტირებ, თქვენ მოიწერეთ ეს – თუ საჭიროა „ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისს პენიტენციური დაწესებულების ნომერი მივანიჭოთ […] ამის შემდეგ, ბევრი პოლიტსაბჭოს და მთავრობის წევრებიც, მე არ ვიტყვი ახლა უმრავლესობას, მაგრამ ძალიან ბევრი იყო ჩემს აზრზე – მერე უცებ ეს ხალხი ყველა გაქრა – ეს იყო ის უხილავი კაცის ხელი”, – თქვა გახარიამ.