„ერთ-ერთი მიზეზი Edison-ის კვლევის შედეგებია“ - „ფორმულა“ სამინისტროს სარჩელზე

პუბლიკა

დღეს ტელეკომპანია „ფორმულაში“ თავდაცვის სამინისტროს საჩივართან დაკავშირებით არხის წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს.

„ფორმულას“ გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე მიიჩნევს, რომ სამინისტროს საჩივარი კრიტიკული მედიის საწინააღმდეგო კამპანიის ნაწილია. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი Edison Research-ის მიერ წარმოებული კვლევებია.

„რა არის ამ გადაწყვეტილების მიზეზები – შეგახსენებთ, რომ ორშაბათს „ფორმულას“ ეთერში გავიდა კომპანია Edison Research-ის მიერ წარმოებული კვლევები, რომელშიც მაყურებელმა დაინახა, რომ ხელისუფლება ფაქტობრივად ვერ ახერხებს 43%-იანი „ბარიერის“ გადალახვას და სწორედ ეს გახდა მთავარი განმაპირობებელი მიზეზი იმისა, რომ ასეთი დაჩქარებული ტემპით ხელისუფლებას ახალი შეტევა მიეტანა „ფორმულასა“ და მის დამფუძნებელზე“, – განაცხადა გუმბარიძემ.

მისივე თქმით, „ფორმულას“ უკვე ჰქონდა კომუნიკაცია Edison Research-ის წარმომადგენლობასთან და რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, „სულ რომ დღეს ან ხვალ ამ კომპანიაში დაინიშნოს დროებითი მმართველი, ან მოხდეს რამე სხვა ტიპის ღონისძიება, რომელიც ხელს შეუშლის ეგზიტპოლების გამოქვეყნებას“, ეს ეგზიტპოლები მაინც გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში.

გუმბარიძემ ასევე აღნიშნა, რომ ეგზიტპოლის გარდა, სამინისტროს გადაწყვეტილება ასევე უკავშირდება არჩევნების შემდგომ მოსალოდნელ სცენარებს. მისი თქმით, ნიკა გვარამიასა და ვატო წერეთლის მამაზე აღძრული საქმეები მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლების მთავარი სამიზნე კრიტიკული მედიაა.

„ეგზიტპოლის გარდა, ეს ყველაფერი უკავშირდება მოახლოებული არჩევნების შემდგომ სცენარების განხილვას – თუ რა შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლებისთვის მთავარ სამიზნეს წარმოადგენს კრიტიკული მედიები და მათი გაჩუმება. ჩვენ ვიცით, რომ გარდა ამ ქეისისა, ფაქტობრივად, ბოლოშია გასული ნიკა გვარამიას ქეისი, ბოლო კვირაში დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობდა ვატო წერეთლის მამის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები.

რაც აჩენს ბუნებრივ ეჭვს, რომ თუ არჩევნებზე ხელისუფლებისთვის არ დადგება სასურველი შედეგი, ისინი განიხილავენ სცენარს იმისთვის, რომ ერთდროულად მოხდეს სამივე კრიტიკული მედიის მაუწყებლობის შეფერხება ან გაჩერება და ამისთვის ისინი გამოიყენებენ ე.წ. სამართლებრივ ბერკეტებს. სინამდვილეში საქმე, ბუნებრივია, გვაქვს იმასთან, რომ ხელისუფლება განიხილავს სცენარს, თუ როგორ შეიძლება წავიდეს ეს ქვეყანა რუსული ტიპის მმართველობისკენ, როგორ შეიძლება დაემშვიდობოს მოსახლეობა დემოკრატიას, რომელიც ჯერ მხოლოდ ჩანასახები არსებობს”, – განაცხადა გუმბარიძემ.

დავით კეზერაშვილის საქმე:

7 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელს 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 30 სექტემბერს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სასამართლოში შეაქვს სარჩელი თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 060 000 ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა, ორ ინსტანციაში გამოძიებამ ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო.

წაგებული საქმე პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში მაშინ გაასაჩივრა, როდესაც გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო.
პროკურატურის მტკიცებით:

„2008 წლის 10 იანვარს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დ.კ.-მ, მასთან დაკავშირებული პირის – მისი მეგობრის ო.შ.-ს და ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ თანხების გაფლანგვის მიზნით, ყოველგვარი საფუძვლისა და კომპანიის შემოწმების გარეშე, გამოსცა ბრძანება ხსენებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

მანვე, სიტყვიერად დაავალა, მასთან დაახლოებულ პირს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელ უფროსს ა. ნ.-ს, კომპანიის წარმომადგენელთან ხელშეკრულების უპირობოდ, სასწრაფოდ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, იმავე დღეს გაფორმება.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 5 685 000 ევროს ოდენობით, საიდანაც, დ.კ.-ს დავალებით 5 060 000 ევრო გადაირიცხა კომპანიის ანგარიშზე, ხოლო კომპანიის მხრიდან სანაცვლოდ შესასრულებელი ვალდებულება – სამხედრო წვრთნების ჩატარება – საერთოდ არ განხორციელებულა“.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა დავით კეზერაშვილიც. ის აღნიშნავს, რომ „ივანიშვილის პირადი იურისტისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ხელით, უზენაეს სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, კიდევ ერთი ნაბიჯია სასამართლო სისტემის საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ამოცანებზე მორგებისა“.

„უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ სამარცხვინო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სტრასბურგის სასამართლოში. თადუმაძე და ივანიშვილის ჯიბის სასამართლო მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ყველაფერი იკადროს – მათსავე სასამართლოს ორ ინსტანციაში ჩემი უდანაშაულობის უტყუარი მტკიცებულებებით გამართლებისა და თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, საქმე ამგვარად შემოატრიალოს.

ჩემთვის ცნობილია, რომ უშუალო ინიციატორი და ორგანიზატორი ამ უმსგავსობისა ივანიშვილის ხელის ბიჭი – ირაკლი ღარიბაშვილია. სწორედ ის ფიქრობს, რომ ამდაგვარად დააშინებს ან დამაშანტაჟებს მე ან ჩემ მიერ მხარდაჭერილ ტელევიზიას. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვარ და მიმყარებს მოტივაციას, უფრო მეტი ენთუზიაზმით დავეხმარო თავისუფალ სიტყვას და ზოგადად თავისუფლებისთვის ბრძოლას საქართველოში“, – წერს დავით კეზერაშვილი.