„ფორმულას“ 25% არხის კოლექტივს გადაეცემა - ტელეკომპანიის დამფუძნებლები

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლებმა ზუკა გუმბარიძემ, მიშა მშვილდაძემ და გიორგი ლიფონავამ დავით კეზერაშვილის გადაწყვეტილების შესახებ, რომ არხში თავისი წილის ნახევარს დათმობს, ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზუკა გუმბარიძის თქმით, აქამდე მათი კომპანია „ფორმულა კრეატივი“ არხის 49%-ს ფლობდა, 51% კი დავით კეზერაშვილს ეკუთვნოდა. გუმბარიძის თქმით, კეზერაშვილი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას არ განსაზღვრავდა, მაგრამ იმის გამო, რომ თეორიულადაც გამოირიცხოს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა, კეზერაშვილი თავისი წილის ნახევარს „ფორმულას“ კოლექტივს გადასცემს.

„25% გადაეცემა „ფორმულელებს“, ესენი იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც კარგად იცნობთ ეკრანებიდან და ესენი იქნებიან ასევე ადამიანები, რომლებიც დგანან ხოლმე კადრს მიღმა, მაგრამ უზარმაზარ როლს თამაშობენ, რომ „ფორმულა“ იყოს ეთერში და მაუწყებლობდეს იმ ფორმით, რითაც ის მაუწყებლობს.

იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო თავის მხრივ და ამის გამოცდილება არ არსებობს, ჩვენ ჯერ არ გვაქვს ზუსტი მოდელი და არ ვიცით იმ ადამიანების ზუსტი სია, რომლებიც იქნებიან დამფუძნებლები. თუმცა ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულება ჩვენს მაყურებელთან და საზოგადოებასთან, ამიტომ ეს პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე. მის შესახებ, პირველ რიგში, ჩვენი მაყურებელი გაიგებს.

პრინციპი კი იქნება ისეთი, რომ დამფუძნებელი გახდება ბევრი ადამიანი. ეს ადამიანები შექმნიან გარკვეულ ორგანიზაციას, სადაც ისინი აირჩევენ თავმჯდომარეს, იმ ადამიანს, რომელიც იქნება წარმოდგენილი ფორმულას მმართველ ორგანოში და „ფორმულელების“ პოზიცია იქნება ყველა დონეზე გაჟღერებული და გათვალისწინებული“, – განაცხადა ზუკა გუმბარიძემ.

ტელეკომპანიის დამფუძნებლის თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეიქმნება ისეთი მართვის სტრუქტურა, რომელიც გამორიცხავს ერთი ადამიანის მიერ სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრას. კეზერაშვილი კი „ფორმულას“ დაფინანსებას გააგრძელებს.

„ფინანსურად მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში არცერთი არხი არ არის თვითკმარი და გამონაკლისი არც ფორმულაა. შესაბამისად, დავით კეზერაშვილის გადაწყვეტილება არის ის, რომ კვლავაც გააგრძელებს არხის ფინანსურ დახმარებას, დეფიციტს, რომელიც არის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის, ის კვლავ გააგრძელებს ამ ხარჯების შევსებას ტელეკომპანიისთვის“, – თქვა გუმბარიძემ.