„ფორმულას" დილის გადაცემა ორშაბათიდან ეთერში აღარ გავა

პუბლიკა

„დილა ფორმულაზე” ორშაბათიდან ეთერში აღარ გავა.

გადაცემის წამყვანი და პროდიუსერი, ეკა სამხარაძე მაყურებელს დღეს დაემშვიდობა.

„ამ ფორმატში ჩვენ ვეღარ შევხვდებით. მადლობა ყოველი წუთისთვის, რომელიც ჩვენთან ერთად გაატარეთ. მადლობა ჩვენთვის დათმობილი თითოეული ძვირფასი წუთისთვის. თქვენი სიყვარული თქვენი განწყობა იყო მთავარი სტიმული დილის გადაცემის გუნდის თითოეული წევრისთვის”. – თქვა მან.

ეკა სამხარაძისვე თქმით, დილის გადაცემის ნაწილი „ფორმულაზე” რჩება და მუშაობას შუადღის გადაცემის ფორმატში გააგრძელებს. თუმცა, ვერ ნარჩუნდება გადაცემის თანამშრომლების სრული შემადგენლობა.

„ეს საკმაოდ რთული პროცესია. თქვენთან ერთად მადლობას ვეტყვით იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიდნენ „დილას ფორმულაზე” და იმ განწყობას, რომელსაც თქვენ, ჩვენი მაყურებელი ირჩევდით თქვენი დღის შესაქმნელად. გემშვიდობებით”. – თქვა მან.
 

2024 წლის 31 იანვარს ტელეკომპანია „ფორმულამ“ განაცხადა, რომ ახალ ფორმატზე გადადის – თებერვლისა და მარტის განმავლობაში ტელეარხი ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის.

ტელეკომპანიისვე განცხადებით, ამ გადაწყვეტილების პარალელურად უწევთ რეორგანიზაცია – იხურება გასართობი გადაცემები, ასევე, ათავისუფლებენ თანამშრომლებს.