„ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას” თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

უწყების განცხადებით, დანაშაულში მხილებული პირის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს.

შემთხვევის შესახებ განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და ხელისუფლებას მოუწოდა, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები.

„ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტი“- ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 24 აგვისტოს, ფორმულას გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ.

უცნობმა პირმა ჟურნალისტს, რატი წვერავას მიკროფონი წაართვა, დანით ემუქრებოდა და ცდილობდა, თავს დასხმოდა ოპერატორს.

„მე ვარ გარეთ ერთადერთი კანონიერი ქურდი“, – ყვიროდა თავდამსხმელი.