„ფორმულას" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ფორმულას” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

„2022 წლის 17 მარტს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია  „ფორმულას” თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, დამნაშავე პირის დადგენისა და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღების მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.


თბილისში, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას, „ფორმულას” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.

ტელევიზიის განცხადებით, „ფორმულას” რეპორტიორი, ნანო ჩაკვეტაძე ყვება, რომ ისინი კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა „ფორმულას” თანამშრომლის მიმართ აგრესია გამოხატა.

„სტუმრის აგრესია იმ ფაქტის გაგებას მოჰყვა, რომ ჟურნალისტი „ფორმულაში” მუშაობდა. ნაცემია „ფორმულას” 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ნანო ჩაკვეტაძესაც“, – აცხადებს ტელეკომპანია.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა დამატებითი კომენტარის მისაღებად. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.