„ფორმულას“ შევთავაზეთ კომპრომისული ვერსიებიც, მაგრამ საპასუხო ნაბიჯები არ გადმოდგმულა - ოპერატორები

პუბლიკა

გაფიცული ოპერატორები, რომლებიც ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაათავისუფლა განცხადებას ავრცელებენ. ოპერატორების განცხადებით, მათი პროტესტის მიზანი მხოლოდ შრომითი პირობების გაუმჯობესება იყო და ამასთან დაკავშირებული მოქმედებები კონსტრუქციული.

ოპერატორების განცხადებით, მათ სურდათ, შრომით პირობებზე დავა ორგანიზაციის შიგნით მოგვარებულიყო და კომპანიასთან შეთანხმებით დასრულებულიყო. ოპერატორები აცხადებენ, რომ ტელეკომპანიის მხრიდან გაჟღერებული 2500-ლარიანი საშუალო ხელფასი, 25 გაფიცული თანამშრომლიდან მხოლოდ ექვსს ჰქონდა. ამასთან, საწყის ეტაპზე ანაზღაურების მხოლოდ 10%-ით ზრდაზეც იყვნენ თანახმა.

„სამწუხაროდ, ტელეკომპანია ღია არ აღმოჩნდა ჩვენი მოთხოვნების განხილვისთვის და მენეჯმენტმა პირველივე კომუნიკაციაში ამ თემაზე შეურაცხყოფა მოგვაყენა. ამის საპირისპიროდ, მენეჯმენტმა სრულად უარყო ჩვენი მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობა და მალევე, როგორც კი ეს პროცესი საჯარო გახდა, დაიწყო „გარე ძალების“ ჩართულობაზე საუბარი, რაც ჩვენთვის უკიდურესად შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველია.

ჩვენ ამდენი წელი, ნაწილი დაფუძნებისთანავე, ვმუშაობთ ტელეკომპანია „ფორმულაში“ და სწორედ ჩვენს მძიმე შრომაზე და პროფესიულ თავდადებაზე იდგა საინფორმაციო სამსახურის ფუნქციონირება.

ჩვენი შეფასებით, ეს არის მცდელობა გადაიფაროს ტელეკომპანიაში არსებული რეალური პრობლემები, რომლებიც ჩვენ, ორგანიზაციაში დასაქმებულ პირებს გვაწუხებდა.

ჩვენი შეფასებით, სამსახურში არსებული ანაზღაურება შეუსაბამოა ოპერატორის მძიმე პროფესიასთან და სამუშაო რეჟიმთან. საინფორმაციო სამსახურის ოპერატორების მინიმალური ხელფასი მხოლოდ 500 ლარია. საშუალო ხელფასი 2500 ლარი კი, რაზეც კომპანია აპელირებს, გაფიცული 25 ოპერატორიდან მხოლოდ 6 აქვს და მასზე აქცენტირება უსამართლოა, ეს ადამიანები ტელევიზიაში მუშაობენ გახსნის დღიდან.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შრომითი ანაზღაურების გაუმჯობესებას ვითხოვთ, თუმცა მთელი ეს დრო ჩვენი მოთხოვნები პრაქტიკულად უპასუხოდ რჩებოდა და ხელფასის ზრდას მინიმალური ხასიათი ჰქონდა.

სამწუხაროდ, ტელეკომპანია ცდილობს წარმოაჩინოს ისე, თითქოს ჩვენ არ ვისურვეთ მათთან დიალოგის გაგრძელება. სინამდვილეში ჩვენი მხრიდან შეთავაზებული იყო რამდენიმე კომპრომისული ვერსია, რაზეც მათი მხრიდან საპასუხო ნაბიჯები არ გადმოდგმულა. საწყის ეტაპზე ჩვენ ხელფასების თუნდაც 10 პროცენტით მატება შევთავაზეთ, თუმცა ამაზე მივიღეთ კატეგორიული უარი.

გუშინ, 3 თებერვალს მივმართეთ წერილობითაც და შევთავაზეთ კიდევ ერთი კომპრომისული ვარიანტი, რაც ხელფასის ეტაპობრივ მატებას გულისხმობს, თუმცა, როგორც ტელეკომპანიის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან შევიტყეთ, დამსაქმებელმა ჩვენი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ჩვენ, ჩვენი პროფესიის პატივისცემისა და ქვეყანაში კრიტიკული მედიის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მზად ვართ წარმოშობილი სიტუაცია კვლავ მოლაპარაკებების რეჟიმში დავაბრუნოთ, თუ ეს კომუნიკაცია და დიალოგი ჩვენი ღირსების პატივისცემით წარიმართება და შრომითი და სოციალური საკითხების საქმიან და სამართლიან გარემოში განხილვის შესაძლებლობას მოგვცემს“, – აცხადებენ ოპერატორები.


გაფიცული ოპერატორები, პროტესტს აგრძელებენ. ისინი ამბობენ, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისგან ღირსებისშემლახავი დამოკიდებულების გამო ბოდიშის მოხდას, სამსახურში აღდგენას, ხელფასების მატებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. გაფიცული თანამშრომლები იურისტებთან კონსულტაციებსაც გადიან და გეგმავენ სამართლებრივი დავის დაწყებას.

ოპერატორები „პუბლიკასთან“ ამბობენ, რომ „ფორმულას“ ეზოში მათ მხარდასაჭერად კოლეგებიც მივიდნენ სხვა ტელევიზიებიდან.


„ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ოპერატორები 31 იანვრიდან გაიფიცნენ, რის შემდეგაც, 3 თებერვალს ტელეკომპანიამ ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა.

ამასთან, 1 თებერვალს ტელეკომპანია „ფორმულა“ დატოვეს ჟურნალისტებმა მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდიშელმა.

როგორც მარტა ქურასბედიანი „პუბლიკასთან“ ამბობს, „ფორმულას“ დატოვების გადაწყვეტილება საინფორმაციო სამსახურის ოპერატორების გაფიცვის დაწყების შემდეგ მიიღო. გაფიცვაში მისი და ქეთი ხიდიშელის ქმრებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც ასევე ოპერატორები არიან. მიზეზი კი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის დამოკიდებულება გახდა ოპერატორების გაფიცვის მიმართ.

დღეს ოპერატორების გაფიცვას გამოეხმაურა ტელეკომპანია „ფორმულა“. კომპანიის განცხადებით, ოპერატორებმა ხელფასის დაუყოვნებლივ გაზრდა მოითხოვეს 500 ლარით. ადმინისტრაციამ კი მათ განუცხადა, რომ ახლა ანაზღაურების მატება შეუძლებელი იყო.

„ფორმულას“ განცხადებით, მას შემდეგ, რაც ოპერატორებმა ხელმძღვანელობის პოიზიცია მოისმინეს, დიალოგის გაგრძელება აღარ ისურვეს და მეორე დღიდანვე, 1 თებერვლიდან უარი თქვეს მოვალეობების შესრულებაზე. რის გამოც ტელევიზიის ფუნქციონირებას შეექმნა საფრთხე.

ტელეკომპანიის განცხადებით, არხის ხელმძღვანელობა 3 თებერვლის ჩათვლით ცდილობდა მათთან მოლაპარაკებას, მაგრამ უშედეგო მცდელობების შემდეგ, იმის გამო, რომ ოპერატორებმა დაარღვიეს შრომითი ხელშეკრულება და საფრთხე შეუქმნეს ტელეკომპანიის ფუნქციონირებას, მათთან კონტრაქტები გაწყვიტეს.