ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მოუწოდებს მმართველ პარტიას უკვე გაკრიტიკებული რუსულ კანონის საკითხზე უფრო „ფრთხილი იყოს:, რადგან ხალხმა საკუთარი პროტესტი უკვე გამოხატა. ამის შესახებ მან „ფორმულასთან” ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება” საზოგადოების დაყოფას ცდილობს.
„როგორც მახსოვს, ზუსტად ერთი წელი და ერთი თვე გავიდა ქართველი ხალხის მასშტაბური საპროტესტო აქციებიდან, რასაც მოჰყვა ამ კანონის უკან გაწვევა. ჩემი აზრით, სიტუაცია არ შეცვლილა, ქართველი ხალხის აზრი იგივეა. მმართველი პარტია არჩევნების წინ საზოგადოების დაყოფას ცდილობს. ცდილობს, მოახდინოს ზეწოლა და ძირი გამოუთხაროს იმას, რაც უკვე მიღწეულია კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ძალიან დასანანია.
საზოგადოების დაყოფა ყოველთვის არის რუსეთის მიზანი და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის, რომელმაც ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, ვიდრე უკვე გაკრიტიკებულ და ხელახლა შემოთავაზებულ იდეებზე. ჯერ არ ვიცით, რა იქნება ბოლო ნაბიჯები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამჯერადაც უკან წაიღებენ ამ გადაწყვეტილებას. გულწრფელად ვურჩევდი მთავრობას, რომ იყოს ამ საკითხის მიმართ უფრო ფრთხილი”, – განაცხადა მან.
„ქართული ოცნება” პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს. ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დააინიციირა. თუმცა, მარტში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.
წლევანდელი კანონპროექტი შარშანდლის იდენტურია, ყველა ჩანაწერი უცვლელია, გარდა ერთისა – ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი” გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია”.
მმართველი პარტიის მიზანია, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია, რომელთაც დაფინანსების ნაწილი საერთაშორისო წყაროებიდან აქვთ მიღებული, – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად” გამოაცხადონ და შესაბამის ბაზაში რეგისტრაცია დაავალდებულონ. სახელმწიფოს ენიჭება ორგანიზაციების დაჯარიმების უფლებამოსილება.
სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიებს.
„უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია” შესაძლოა, გაიგივდეს „უცხოელ ჯაშუშთან” და „მოღალატესთან”, რაც მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, დააზიანებს მათ რეპუტაციას და სერიოზულად შეაფერხებს მათ აქტივობებს.