ფოთის მერიის შენობაში იპოთეკით დაზარალებულმა თვითდაზიანება მიიყენა

პუბლიკა

ფოთის მერიის შენობაში მოქალაქემ ცივი იარაღით თვითდაზიანებები მიიყენა მუცლის არეში. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „პუბლიკასთან“ ფოთის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მაია მაკალათია ამბობს, მოქალაქეს საბანკო პრობლემები ჰქონდა და იპოთეკური სესხით სახლი დაკარგა. მაკალათიას ინფორმაციით, დაზარალებულის ძმას ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს. მერიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ საკითხზე მოქალაქეს ფოთის მერიისთვის არ მიუმართავს და მისი პრობლემის შესახებ ინფორმაცია დღეს მომხდარი ინციდენტის შემდეგ მოიკითხა სოციალური მომსახურების სააგენტოში.

„როგორც კი მოვიდა მუნიციპალიტეტის მერიაში, იკითხა, კანცელარია სად იყო, სანამ მე-3 სართულზე მდებარე კანცელარიამდე ავიდოდა, მე-2 სართულზე მან თვითდაზიანება მიიყენა ყოველგვარი მოთხოვნისა და განცხადების გარეშე“, – ამბობს მაია მაკალათია.

როგორც მერიის წარმომადგენელი აცხადებს, მერია სწავლობს პირის საჭიროებებს და მზად არიან, მასაც და მის ძმასაც დაეხმარონ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.