ფოთის პორტის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ნებართვისთვის მთავრობას მიმართავენ

პუბლიკა

„ეიპიემ ტერმინალსი“ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, კომპანიამ ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენების ნებართვისთვის მთავრობას მიმართა.

2020 წლის 11 თებერვალს „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიმართა მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად, ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისათვის, რაც წარმოადგენს სამშენებლო ნებართვის მიღების ოფიციალური სამსაფეხურიანი პროცედურის საწყის ეტაპს.

განცხადების მიხედვით, კომპანია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, გააფართოვოს ფოთის საზღვაო ნავსადგური, რათა საქართველოს ჰქონდეს თანამედროვე ლოგისტიკური კარიბჭე, რომელიც მოემსახურება „პანამაქსის“ ტიპის გემებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, არსებული სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდით.

კომპანიის ინფორმაციით, ნებართვის მიღება აუცილებელი წინაპირობაა საიმისოდ, რომ ღრმაწყლოვანი ნავსადგური ექსპლუატაციაში შევიდეს 2022 წლის მეორე კვარტალში. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, კომპანია 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის დაბანდებას გეგმავს.