ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსს ქალი ძალადობაში ადანაშაულებს | სასამართლომ გირაო შეუფარდა

პუბლიკა

ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსს, თორნიკე იზორიას ბიზნესპარტნიორი ქალი ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს. პოლიციის უფროსს დღეს სასამართლომ  აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

დაზარალებული ქალის ადვოკატი „TV პირველთან“ ამბობს, რომ პოლიციის უფროსს ბრალი ედება 2 ან მეტი პირის მიმართ ძალადობაში. მისივე თქმით, საქმე აღძრულია მუქარის მუხლითაც.

„მას ბრალი ედება ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობაში, ის არის მოქმედი პოლიციელი და მუქარის მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ის ემუქრებოდა თავის ბიზნესპარტნიორს იარაღის გამოყენებით. ასევე იყო ძალადობის შემთხვევები, მათ შორის, არასრულწლოვანების თანდასწრებით. ამის შესახებ ინფორმაციას ვადასტურებ”, – ამბობს ადვოკატი ჟურნალისტთან.

თავად ბრალდებული ფოთის პოლიციის უფროსი „TV პირველთან“ ამბობს, რომ თანამდებობა არ დაუტოვებია.

„გამამტყუნებელი განაჩენი ჩემ მიმართ არ არის გამოტანილი და თანამდებობა არც დამიტოვებია, ვაგრძელებ მუშაობას.

…ეს არის სისულელე, კატეგორიულად გამოვრიცხავ ძალადობას, არცერთხელ [არ მიძალადია]. არც მუქარა…

მიმდინარეობს გამოძიება, რამდენჯერაც დამიბარებენ იმდენჯერ გამოვცხადდი, სასამართლოზეც ვიყავი. ჩვეულებრივ მიმდინარეობს გამოძიება, დაველოდოთ საბოლოო პასუხს”, – ეუბნება ტელეკომპანიის ჟურნალისტს თორნიკე იზორია.

რადგან საქმე მოქმედ პოლიციელს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროდან პროკურატურაში გადაგვამისამართეს. „პუბლიკა“ პროკურატურიდან პასუხს ელოდება.