აქტივისტებმა, რომლებიც ნამახვანის ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, რიონის ხეობაში აქცია გამართეს და, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ადგილზე ჯვარი აღმართეს. მათი მოთხოვნაა, მშენებელი კომპანია ტერიტორიიდან გავიდეს და სამშენებლო ტექნიკა გაიყვანოს.
„ამ ადგილას შენდება ნამახვანჰესი. კონკრეტულად ამ ადგილზე შენდება კაშხალი. ადგილზე მშენებლობაა დაწყებული. ყველას ეგონა, რომ ჩვენ მივცვივდებოდით იქ, სადაც კომპანიას ტექნიკა ჰყავს განთავსებული და ეგონათ, რომ დავუწყებდით მათ ომს. ეს ჩვენი მიზანი არ იყო. ჩვენი მიზანია ჩვენი მიწის დაცვა მხოლოდ, მეტი არაფერი“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი, „პუბლიკასთან“.
აქციის მონაწილეები, ბოლო რამდენიმე დღეა, მშენებლობის ადგილზე მორიგეობენ. ისინი ღამეს კარვებში ათევენ.
„პუბლიკასთან“ საუბრისას კომპანია „ენკა“ აცხადებს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნამახვანჰესისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მათი თქმით, კომპანიას საამისოდ შესაბამისი ნებართვაც აქვს და პროცესიც კანონმდებლობის დაცვით მიდის.
ნამახვანის ჰესის შესახებ:
მდ. რიონზე (წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში) დაგეგმილია ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა. პროექტით მიხედვით, გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.