მოქალაქეთა ინიციატივა „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“, რომლის გარშემოც ერთიანდებიან „მწვანეები“, დამოუკიდებელი სამოქალაქო აქტივისტები, ეკოლოგიასა და გარემოსდაცვაზე მომუშავე სპეციალისტები, ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვს.
„მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გამოაცხადოს მორატორიუმი ნამოხვანისა და ონის კასკადური ჰესების მშენებლობაზე, მოხდეს მთავრობასთან ერთად ამ ჰესების ეკონომიკური, სოციალური, ისტორიულ კულტურული და გარემოსდაცვითი მიზანშეწონილობის საკითხზე საჯარო მსჯელობა. მთავრობის მიერ წარმოდგენილ იქნას საქართველოს ენერგეტიკის განვითარების განახლებული სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებთ (ნებისმიერ) კონსტიტუციურ უფლებას, რათა ზემოთაღნისნული პროექტები არ განხორციელდეს.
მეგაჰესების მშენებლობა საფუძველშივე ეწინააღმდეგება ქვეყნის მდგრადი ეკოლოგიური და სოციო-ეკონომიკური განვითარების მიზნებს.
საგულისხმოა, რომ სამშენებლო სამუშაოები გააქტიურდა სწორედ პანდემიის პირობებში, როცა საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება მოდუნებულია ამ მნიშვნლოვანი საკითხის მიმართ, ხოლო უცხოურ კომპანიასთან ადგილობრივი მოსახლეობის ნანგრძლივი და შეუპოვარი პროტესტი უპასუხოდ რჩება და სახელმწიფოს მიერ ძალისმიერი მეთოდებით ითრგუნება.
ეს ყველაფერი ბადებს ეჭვს, რომ ზემოთაღნიშნული პროექტის განხორციელება ემსახურება არა ქვეყნის ენერგოუზრუნველყოფას, არამედ რიგი საჯარო მოხელეებისა თუ მათთან დაკავშირებული ბიზნესკომპანიების კორუფციულ ინტერესებს. თან, აქვე გასათვალისწინებელია, რომ ენერგომოხმარების 10%-ზე მეტი კრიპტოვალუტის წარმოებაზე მოდის, რასაც, არანაირი დადებითი ეფექტი ქვეყნის ეკონომიკისთვის არ გააჩნია, ერთეულების გამდიდრებას ემსახურება.
მიუხედავად ჩავარდნილი და წარუმატებელი პროექტებისა (ნუდონი, ნენსკრა, შუახევი, მესტიაჭალა) და იმ რეალობისა, რომ დასავლეთის განვითარებულმა ქვეყნებმა დიდი ხანია უარი თქვეს მეგა ჰესების მშენებლობაზე სქართველოს მთავრობა მაინც აგრძელებს რეტროგრადული მეგაჰესების განხორციელების მცდელობებს ნებისმიერ ფასად.
ნამახვანის და ონის ჰესების კასკადის გარემოზე ზემოქმედების ხასიათი და მასშტაბი კომპანიისა და სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ გამოკვლეული არ არის. მიუხედავად ამისა, 2020 წლის 28 თებერვალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა და ნებართვის მფლობელს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო ინფორმაციის წარმოდგენა გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაავალა, რაც ამ დრომდე წარმოდგენილი არ არის.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვაც თავის მხრივ, ითვალისწინებს მთელ რიგ დოკუმენტაციას, რომელიც კომპანიამ მშენებლობის დაწყებამდე უნდა წარმოადგინოს. მიუხედავად კომპანია ფაქტობრივად ჰესის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს იმ პირობებში, როდესაც, მშენებლობის ნებართვითა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით მოთხოვნილი არსებითი მნიშვნელობის კვლევები და დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ აქვს.
გარდა ამისა, საქართველოში მეგაჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც. მსოფლიო ბანკი ცალსახად ამბობს რომ გარანტირებული შესყიდვის პრაქტიკა შეიცავს ფისკალურ რისკებს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის და გამოიწვევს ტარიფის ზრდას.
საქართველოს მთავრობისგან მოვითხოვთ:
- შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების – ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა.
- დაუყოვნებლივ შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები.
- საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ეკოსისტემებს, მდინარეებს და აფერხებს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად განვითარებას.
- გასაჯაროვდეს ჰიდროელექტროსადგურებზე გაფორმებული ხელშეკრულებები
- გამოცხადდეს მორატორიუმი ჰიდროენერგეტიკულ პროექტებზე მინიმუმ 5 წლით;
- ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები გახდეს საყოველთაო მსჯელობის საგანი;
- მომზადდეს ენერგეტიკის სტრატეგიული განვითარების გეგმა”, – აცხადებენ ინიციატივა „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“ წევრები.