საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია სამეგრელოში ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეხვდა. დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და საუბრის ძირითადი თემა თანასწორობა, ტოლერანტობა, არაძალადობრივი ურთიერთობები ის გამოწვევები იყო, რომლის წინაშეც ახალგაზრდები დგანან, – ინფორმციას ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
შეხვედრა საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივის“ ინიციტივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში 11 ივნისს გაიმართა.
„ძალიან სასიამოვნო იყო ბავშვებთან გასაუბრება, ფეხბურთზე ლაპარაკი. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი მესიჯია მათთვის მსგავს თემებზე საუბარი. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც შევძლებთ მსგავსი დისკუსიების გამართვას ფეხბურთზე, თანასწორობაზე. ჩემი სურვილია, აქტიურად ვიყო ჩართული, ასეთ შეხვედრებში, რადგან დიდ პოზიტიურ ენერგიას მმატებს.
ფეხბურთი ყველასთვის არის, როგორც დიდისთვის, ისე პატარასთვის, ბიჭებისთვის და გოგონებისთვის. მიხარია, რომ ქალთა ფეხბურთი ძალიან ვითარდება საქართველოში. ქვეყნებში, სადაც მე ვთამაშობდი, ჰოლანდიაში და ამერიკაში, ძალიან პოპულარულია ეს სპორტი ქალებში და გამიხარდება, რაც შეიძლება მეტი გოგონა თუ ითამაშებს ფეხბურთს საქართველოშიც. ამიტომ, თუ ვინმეს ერიდება ფეხბურთის თამაში იმიტომ, რომ გოგოა, მინდა, ვუთხრა, რომ არ უნდა მოერიდოთ. რადგან ფეხბურთის თამაში, უპირველესად უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს ამიტომ, გოგონებო, არ თქვათ ამაზე უარი”, – განაცხადა კაშიამ.
ხეთას ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის ასაკობრივი გუნდებისა და ხობის „კოლხეთის“ გოგონათა გუნდის ფეხბურთელების გარდა, შეხვედრას ადგილობრივი მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავა, UNFPA საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე და საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი.