ფოტო | კალაძემ ჩოგბურთის ყოფილი კორტების განვითარების კონცეფცია წარადგინა

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ჩოგბურთის ყოფილი კორტების განვითარების კონცეფცია წარადგინა.

როგორც მერმა განაცხადა, აღნიშნული ტერიტორია 2009 წელს კორპუსების მშენებლობის მიზნით იყო პრივატიზებული, თუმცა, მუნიციპალიტეტმა ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა საკუთრებაში, შემდეგ კი სპორტული კომპლექსის განვითარების პირობით, ხელახალი პრივატიზება განახორციელა.

„ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწია იმისთვის, რომ ეს ტერიტორია დაგვებრუნებინა ქალაქისთვის. ინვესტორ კომპანიასთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და მოხდა ამ სივრცის ადგილმონაცვლეობა, რაც საკმაოდ დიდი თანხა დაუჯდა მუნიციპალიტეტს.

ამის შემდეგ გამოვაცხადეთ აუქციონი კონკრეტული ვალდებულებით, რომ გამარჯვებულ კომპანიას აუცილებლად უნდა გაეკეთებინა კორტების პროექტი საცურაო აუზით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და ასევე, ქალაქისთვის. გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია და დღეს მინდა, წარმოგიდგინოთ კორტების პროექტი, რომელიც ამ ტერიტორიაზე განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, მოეწყობა სამი საჩოგბურთო კორტი, მათგან ორი დახურული და ერთი – ღია; 50-მეტრიანი საცურაო აუზი, ფიტნესკლუბი, კაფე, დასასვენებელი სივრცეები.

„ეს პროექტი ძალიან კარგად ჯდება არსებულ ურბანულ ქსოვილში და მივესალმებით მის განხორციელებას. როგორც მოსახლეობას დავპირდით, კორტები იქნება აღდგენილი, მას დაემატება საცურაო აუზი, ფიტნეს-ზონა და დასასვენებელი სივრცეები“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისის მერმა სხდომაზე ტერიტორიის სამომავლო განვითარების ამსახველი ფოტომასალაც წარადგინა: