ფოტო | მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარემონტოდ ტენდერი ისევ გამოცხადდა

პუბლიკა

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეკონსტრუქციისა და რემონტისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტენდერი კვლავ გამოაცხადა. ახლადგარემონტებული მეტროსადგურის ე.წ. შეკიდული ჭერი 2018 წლის 30 იანვარს ჩამოინგრა.

დოკუმენტების მიხედვით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 7 057 389 ლარია. წინადადებების მიღება 16 თებერვლიდან დაიწყება და 21 თებერვალს დასრულდება. სამუშაოს შესრულების ვადა 12 თვეა.


2018 წლის 30 იანვარს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15-მდე ადამიანი დაშავდა. მეტროსადგურში სარემონტო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში გაიხსნა. სარემონტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია  შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა. ჭერის ჩამონგრევის შემდეგ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. პროკურატურამ ბრალი 3 პირს წაუყენა, საქალაქო სასამართლომ კი სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით 35-35 ათასლარიანი გირაო შეუფარდა. „ვარკეთილის“ სარეაბლიტაციოდ ტენდერი ბოლო 4 წელში არაერთხელ გამოცხადდა, თუმცა წარუმატებლად.

„ერთი წელი გავიდა და „ვარკეთილის“ ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია, იმოქმედეთ სწრაფად“ – განაცხადა კახა კალაძემ 2019 წლის 10 აპრილს.