დღეს პარლამენტის წევრები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ. ვაცინაციის პროცესს ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
„დარწმუნებული ვარ, დღეს წარმოდგენილ პარლამენტის წევრებს ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მეტი წევრი დაემატება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში შეუფერხებლად განხორციელდეს ყველა ის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ქვეყნის მომავალზეა ორიენტირებული. ვაქცინაცია ამ პროცესში იქნება თქვენი შეუფერხებელი და უსაფრთხო გარემოს დამცავი, მნიშვნელოვანი კომპონენტი. როგორც ბოლო დღეებში ვაკვირდებით, ამ პროცესში ინტენიურად არიან ჩართულები მინისტრები, სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და დაწრმუნებული ვარ, ჩვენი ასეთი ერთიანი ძალისხმევით ყველანი გავზრდით საზოგადოების აქტივობას და მათ ნდობას ვაქცინაციის პროცესთან მიმართებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში 55 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, 18 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის კი – „სინოფარმით“.
„სინოფარმის“ ვაქცინას, ჯერჯერობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ მიუღია, გადაწყვეტილება მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა სტრატეგიული მრჩეველთა ჯგუფი (SAGE) „სინოფარმის“ შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მიმართ.
გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ვაქცინის ეფექტიანობა, მრავალ ქვეყანაში წარმოებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, 78.1%-ია. რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყანას – მაგალითად, ბაჰრეინში ვაქცინის ეფექტიანობა 18-დან 60 წლამდე ადამიანებს შორის 90%-ია. 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორის – 91%.