ქუთაისში ნამახვან ჰესის აშენების წინააღმდეგ აქცია გაიმართა. წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდ. რიონზე დაგეგმილი ჰესი ადგილობრივმა აქტივისტებმა და საპროექტო არეალის სოფლებში მცხოვრებმა მოსახლეობამ გააპროტესტეს.
ეკოლოგი და სამოქალაქო აქტივისტი მაკა ხეცურიანი „პუბლიკასთან“ იმ საფრთხეზე საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, ჰესის აშენების შემთხვევაში რიონის ხეობას ემუქრება.
ხეცურიანი ამბობს, ეკოლოგიური კატასტროფის შემთხვევაში, მაგალითად, მიწისძვრის შედეგად კონსტრუქცია თუ დაზიანდება, ქუთაისი ზუსტად 19 წუთში მოექცევა დაახლოებით 30-35-მეტრიანი ტალღის ქვეშ და ქალაქი უდიდესი საფრთხის წინაშე დადგება.
ის სხვა მოსალოდნელ ეკოლოგიურ საფრთხეებზეც ამახვილებს ყურადღებას:
„ნამახვან ჰესის ასაშენებლად გათვალისწინებულია, რომ გაიჩეხოს 350 ჰექტარი ტყე, რომ არაფერი ვთქვათ სხვა საშიშროებასა და იმ ნეგატიურ შედეგებზე, რაც ეკოლოგიური თვალსაზრისით მოჰყვება ნამახვანი ჰესის მშენებლობას. მხედველობაში მაქვს ის, რომ მიკროკლიმატი, მიკროზონა მთლიანად იცვლება და ამის შედეგად საფრთხე ემუქრება ბევრი უნიკალური ჯიშის მცენარის, მათ შორის, ვაზის არსებობას – საუბარი მაქვს ტვიშზე, ტვიშის ცოლიკაურზე, რომელიც საერთოდ გაქრება ჩვენი მაგიდებიდან.
საუბარი მაქვს, ასევე, ბევრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სავარგულების დეგრადაციაზე. კლიმატის ცვლილებაზე, ტენიანობის მომატებაზე. ბევრ სხვა თანმდევ პროცესზე, რომელიც ეკოლოგიური თვალსაზრისით შეიძლება მოჰყვეს ჰესის მშენებლობას“, – ამბობს ის.
„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი, დათო ჭიპაშვილი, ყურადღებას ამახვილებს იმ ხარვეზებზე, რომლებიც საქართველოში ჰესებთან დაკავშირებით დაგეგმილ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხება. მისი თქმით, მთავარი და საერთო პრობლემა ეხება დანახარჯისა და სარგებლის კვლევას, რომელიც არც ერთ ამგვარ პროექტზე არ მომზადებულა.
„პირველ რიგში მთავარი პრობლემა, რომელიც ნამახვან ჰესსა და, ზოგადად, სხვა ჰესებსაც უკავშირდება, ეს არის ამ პროექტების საჭიროების დასაბუთება. არავის არ შეუსწავლია და შეუფასებია, რა სარგებელს მოიტანს ისეთს ეს პროექტები, რომ გადაწონოს ბუნებრივ თუ სოციალურ გარემოზე მიყენებული ზიანი. ეს არ არის ჩვენი ახირება, ეს არის საქართველოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსის მოთხოვნა, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ აუცილებელია, თითოეულ პროექტზე დანახარჯისა და სარგებლის ანალიზი. ეს არ გაკეთებულა, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ეს პროექტი მოიტანს ენერგოდამოუკიდებლობას, არის უბრალო განცხადებები, რომლებიც არ ეყრდნობა არანაირ გათვლას, ანალიზსა და შეფასებას“, – ამბობს ჭიპაშვილი.
რაც შეეხება უშუალოდ ნამახვან ჰესს, ჭიპაშვილი ამბობს, რომ უნდობლობას იმსახურებს ამ მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელმაც შუახევი ჰესის მშენებლობისას მნიშვნელოვანი შეცდომები დაუშვა.
„კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა, ვინ აშენებს ამ ჰესს. ტენდერში გაიმარჯვა ნორვეგიულმა კომპანიამ (Clean Energy Invest), რომელიც არის შუახევი ჰესის მშენებელი კომპანია და რომელსაც შუახევი ჰესი დაენგრა, მთავარი გვირაბები დაენგრა 2017 წელს. ეს არის ობიექტი, რომელმაც უდიდესი ზიანი მიაყენა არაერთ სოფელს, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში და უარს აცხადებს ამ ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდაზე. ეს არის კომპანია, რომელსაც ლამის იმის ნახევარი თანხა დაუჯდა შემდგომ ამ დანგრეული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, რაც მშენებლობის დროს და, ჩემი დაკვირვებით, დღესაც კრიტიკულ მდგომარეობაშია. აი, ამგვარ კომპანიას მოაგებინეს კიდევ უფრო რთული, დიდი და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის – ნამახვანი ჰესის მშენებლობის ტენდერი“, – ამბობს ჭიპაშვილი.
ნამახვანი ჰესის ზემოქმედებასთან დაკავშირებით კი აღნიშნავს, რომ დაიტბორება მნიშვნელოვანი ფართობის ტერიტორია, საფრთხე შეექმნება უნიკალური ჯიშის ვაზსა და მიკროკლიმატს.
„ამ ობიექტით შეიქმნება 610 ჰექტარი სარკის ზედაპირი, რაც ნიშნავს გაცილებით დიდი ფართობის დატბორვას, ვიდრე სარკის ზედაპირია. ეს მოიცავს, ასევე, ფერდებსაც. გარდა ამისა, წყლით დაიფარება და განადგურდება ტყის მასივი, დაიტბორება სოფლები და საფრთხე შეექმნება უნიკალურ ეკოსისტემას, როგორც მდინარე რიონის, ასევე იმ ტყის მასივის, რომელიც ამ ხეობაშია განლაგებული.
კონკრეტულად, ამ არეალში არის ტვიშის მიკროზონა, ანუ ცოლიკაურის მიკროზონა და არავის არ შეუსწავლია, რა უარყოფითი ზემოქმედება მოჰყვება და რას გამოიწვევს, ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ მიკროზონაზე ზემოქმედება. იმიტომ, რომ ეს არის ზონები, რის გამოც მოსახლეობა ამ სოფლებში ბრუნდება. საფრთხე შეიძლება დაემუქროს ხვანჭკარის მიკროზონას ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. დაახლოებით 30-40 კილომეტრით იქნება დაშორებული ამ ტერიტორიიდან და, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რიონის ხეობაში ონის ჰესების კასკადის მშენებლობაც არის დაგეგმილი, კუმულაციური თვალსაზრისით, ნათელი ხდება, რამხელა ზემოქმედებაზეა საუბარი მდინარე რიონის ხეობაში“, – აცხადებს ჭიპაშვილი.
ნამახვანის ჰესის შესახებ:
მდ. რიონზე (წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში) დაგეგმილია ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა. პროექტით მიხედვით, გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.