ფოტო | რას მოითხოვდნენ მშრომელთა დღეს თბილისში

პუბლიკა

დღეს, 1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღე მემარცხენე მოძრაობებმა და პროფესიულმა გაერთიანებებმა თბილისის სხვადასხვა უბნებში აქცია-მსვლელობებით აღნიშნეს.

12:00 საათზე მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირისა და პროფკავშირების ახალი გაერთიანების ორგანიზებით აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართა.

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, სახელმწიფომ დაიწყოს საცხოვრებელი ხელფასის სტანდარტის დანერგვა, ჩაანაცვლოს საარსებო მინიმუმის ხელფასის დათვლის მოძველებული მეთოდოლოგია, რომელიც არც 30 წლის წინ და არც ახლა არ აკმაყოფილებს მოსახლეობის საჭიროებებს. ასევე, დაინერგოს ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი ყველა სფეროში დასაქმებულებისთვის, რადგან 24 წლის წინ მიღებული მინიმალური ხელფასის სტანდარტი თვეში 20 ლარი საგანგაშოდ შეუსაბამოა.

მსვლელობა 15:00 საათზე „ხმისა“ და „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ ორგანიზებით ფილარმონიიდან დააიწყო და „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისთან დასრულდა.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნები იყო შემდეგი:

  • მინიმალური ხელფასი ყველა მშრომელისთვის და პროგრესული გადასახადი მდიდრებისთვის!

  • უფასო საკვები სკოლებს!

  • ღირსეული საცხოვრებელი სტუდენტებს, ღირსეული საცხოვრებელი ყველას!

  • ანაზღაურებადი დეკრეტი ქალებისთვის!

  • ჩამოიწეროს საპენსიო სესხები!

სწორედ ამ უკანასკნელი მოთხოვნით დემონსტრანტები „ლიბერთი ბანკთან“ შეიკრიბნენ და რამდენიმე მონაწილემ შენობის ფასადს წითელი საღებავები ესროლა. აქციის დასასრულს „ხმის“ ორი წევრი – აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია დააკავეს. მოძრაობის ცნობით, მოგვიანებით აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს. დაკავებულთა შესახებ დამატებით ინფორმაციას „პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებისთანავე განაახლებს.

16:00 საათზე ღირსეული მინიმალური ხელფასის, სოციალური დიალოგის გზით პროგრესული გადასახადების დადგენისა და 1 მაისის უქმე დღედ გამოცხადების მოთხოვნით, პროფკავშირების გაერთიანების აქცია-მსვლელობა რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და პარლამენტთან დასრულდა.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ საზოგადოებას გააცნო მანიფესტი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს გადაეგზავნა.

„ქვეყანაში მინიმალური ხელფასი ჯერ კიდევ 20 ლარია. შემოსავლების სამსახურის თებერვლის თვის მონაცემებით, 131 841 ადამიანს 500 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს! 277 მდიდარს კი – თვეში საშუალოდ, 100,000 ლარზე მეტი ხელფასი! პროფკავშირები ითხოვს, დაწესდეს ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი, საშუალო ხელფასის მინიმუმ  40%, რაც დღეის მდგომარეობით 636 ლარს შეადგენს!“, – აცხადებს პროფკავშირების გაერთიანება.

მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია:

  • დასაქმებულების ღირსეული მინიმალური ხელფასით უზრუნველყოფა;
  • უმუშევრობის შემწეობის დადგენა;
  • გენდერული უთანასწორობის უზრუნველყოფა, ქალისა და კაცის ხელფასებს შორის სხვაობის შემცირება და აღმოფხვრა;
  • პროგრესულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა;
  • კოლექტიური მოლაპარაკებებისა და სოციალური დიალოგის წახალისება და სოციალური კულტურის ნაწილად დამკვიდრების ხელშეწყობა;
  • არაფორმალური დასაქმების ფორმალიზება.