თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას იწყებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერის განცხადებით, ასევე, მეტროსადგურებში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვაგონების განახლება და გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი ახალი შემადგენლობების შესყიდვასთან დაკავშირებით.
„მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში, სრულად გადაიხურება მეტროსადგურის ბაქანი; მოხდება სადგურის ადაპტაცია შშმ პირთათვის; დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა სპეციალური ტაქტილური ბილიკები; რეაბილიტაცია ჩაუტარდება, როგორც სადგურის ვესტიბიულს, ასევე ბაქანს; განახლდება და გარემონტდება თანამშრომლების სამომსახურეო ოთახები; განახლდება გახმოვანების სისტემა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; სრულად გამოიცვლება სადგურის ელექტროსისტემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, პროექტის ღირებულება 1 010 851 აშშ დოლარია.