ფოტო | როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაცია გამართა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, როდესაც სამუშაოები დასრულდება თბილისს ექნება ყველაზე დიდი და ფუნქციური ცენტრალური პარკი, სადაც ყველა თაობის ადამიანისთვის შესაბამისი სივრცე მოეწყობა.

თბილისის ცენტრალური პარკი (ყოფილი იპოდრომის ტერიტორია) 36 ჰექტარს მოიცავს. აქედან, 22 ჰექტარი ვაკე, 14 ჰექტარი კი  ფერდობია. გათვლილი იქნება დღეში 11 000-მდე სტუმარზე.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ თბილისის ცენტრალური პარკი 26 ზონისგან შედგება. ჩამოთვალში შედის:

იაპონური ბაღი; საგანმანათლებლო ცენტრი (ორსართულიანი ნაგებობა, სამკითხველო და სამუშაო სივრცით); პანორამული პლატფორმა; ხელოვნური ტბა; ამფითეატრი; ბოტანიკური ბაღი; შადრევანი; პანორამული ხიდი; ფრანგული ბაღი; კვების ზონა და მთავარი, დიდი მდელო; სპორტული ზონა (საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები); 

მერის თქმით, ასევე, მოეწყობა სპეციალური სივრცე შინაური ცხოველებისთვის. იქნება სკეიტპარკი, ეკოლოგიური ზონა, ორი გვირაბი, საფეხმავლო ხიდი, კლდეზე ცოცვა და თოკების პარკი.

„თბილისის ცენტრალურ პარკს ექნება სამი ავტოსადგომი, რომ ოჯახებმა კომფორტულად შეძლონ მოსვლა, ავტომანქანების დაყენება და პარკის ტერიტორიაზე შესვლა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც გუშინ თბილისის მერმა განაცხადა იპოდრომის ყოფილი ტერიტორია ფონდმა „ქართუმ“ და ბიძინა ივანიშვილმა დედაქალაქს უსასყიდლოდ გადასცა.