საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალებში სპეცტექნიკით ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება.
უწყებამ NATO-ს სტანდარტების ახალი ტექნიკის შესყიდვის ფარგლებში 300 ერთეულზე მეტი სპეციალური საავტომობილო ტექნიკა, მათ შორის, IVECO-ს ტიპის საწვავმზიდები, მაღალი გამავლობის IVECO-ს და MAN-ის ტიპის სატვირთო ავტომობილები შეისყიდა.
სამინისტროს ცნობით, ახალი საავტომობილო საშუალებების შესყიდვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ხარჯების ეფექტიანობის თვალსაზრისითაც, რადგან მოძველებული ტექნიკის შენახვა და გარემონტება თავდაცვის ძალებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მილიონობით ლარი უჯდებოდა. უწყების განცხადებით, ახალი ავტომობილებით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მობილურობის ზრდას და დავალების ეფექტიანად შესრულებას უზრუნველყოფს.