საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომის პარალელურად მედიაორგანიზაციების ნაწილის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ისინი აპროტესტებენ უცხოური გავლენის აგენტის შესახებკანონპროექტს, რომელიც ბიუროს სხდომაზე დასარეგისტრირებლად დღეს გავიდა და პარლამენტის დეპუტატები მას ამ წუთებში განიხილავენ.
„არა რუსულ კანონს“, „არა პუტინის კანონს“, „მედია ცოცხალი და დამოუკიდებელია“, „რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!“, – ამ შინაარსის ბანერებით არიან მისულნი პარლამენტში სხვადასხვა მედიაორგანიზაციის თანამშრომლები.
ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ტიპის კანონით რუსეთმა ჯერ შეზღუდა, შემდეგ კი გააქრო კრიტიკული მედია და ორგანიზაციები.
საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ. კანონპროექტს, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, „ხალხის ძალამ“ მოამზადა, მმართველი პარტია არ ემიჯნება.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელთა დაფინანსების გარკვეული ნაწილი უცხოეთიდან არის მიღებული, აგენტებად გამოცხადდებიან. მათ „უცხოური გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციის ვალდებულება ექნებათ. ასევე, „უცხოური გავლენის აგენტის“ გამოსავლენად, იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მას მიენიჭება ყველა მისთვის საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლება. ასევე, სამინისტროს მიენიჭება დაჯარიმებისა და ორგანიზაციების იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება.
სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს.