ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოგრაფ ვახო ქარელზე თავდახსმის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
მათ ბრალი ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლებით წარუდგინეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე გ.გ, გ.ხ, და მათთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოგრაფ ვ.ქ.-ს, რომელსაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება. სამართალდამცველებმა გ.გ და გ.ხ. 29 ივლისს დააკავეს”, – წერს პროკურატურა.
უწყების ცნობით, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 31 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 53 პირი, მათ შორის, 42 ჟურნალისტი და ოპერატორი.