ფოთში აქციის 4 მონაწილე დააკავეს | ადგილობრივები თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებდნენ

პუბლიკა

ფოთში პოლიციამ აქციის ოთხი მონაწილე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს რომ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. აღნიშნული მუხლები წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.

ფოთში ადგილობრივები რამდენიმე საათია ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ. თავდაპირველად ისინი მერიის შენობასთან შეიკრიბნენ და მერთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით, მათ ჯერ აღმაშენებლის ქუჩაზე სამანქანო გზა გადაკეტეს, შემდეგ კი მერის საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ, თუმცა მერთან შეხვედრა ვერც აქ შეძლეს.

„გადავინაცვლეთ მის სახლთან და იქ ვაპირებდით პროტესტის გაგრძელებას, მაგრამ იქ დაგხვდა პოლიციელები, ასევე, ალბათ მერის ახლობლები და მეზობლები. მოხდა დაპირისპირება, გადაიზარდა ჩხუბში და დააკავეს [ადამიანები]“, – განაცხადა აქციის მონაწილე ანა ჯოჯუამ.

ფოთში თევზის გადამამუშავებელი რამდენიმე საწარმო ფუნქციონირებს. სწორედ მათ აბრალებს მოსახლეობა თევზის უსიამოვნო სუნს.