შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ფოთის სამმართველოს ერთ-ერთ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„მას გეგმური ტესტი 4 სექტემბერს ჩაუტარდა, რა დროსაც დადებითი პასუხი ამოვიდა. მანამდე, აღნიშნულმა პირმა გეგმური შემოწმება 2 კვირით ადრე გაიარა, რა დროსაც პასუხი უარყოფითი იყო. მეხანძრე-მაშველი ცვლაში 6 სექტემბერს მორიგეობდა“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, ყველა თანამშრომელი, ვინც ამ დღეს მუშაობდა, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შსს-ს განცხადებით, შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია. ეპიდემიოლოგები იკვლევენ ინფიცირებულის წყაროს და კონტაქტებს. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, მეხანძრე-მაშველი თავს კარგად გრძნობს, მას არ აღენიშნება ვირუსის კლინიკური გამოვლინებები და იგი ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 729 გახდა.
აღსანიშნავია, რომ 45 შემთხვევა ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.