ქალაქ ფოთში, შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი მოკლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას დაკავებული ჰყავს.
როგორც მედიასთან შემთხვევის ადგილზე მყოფი ადამიანები ამბობენ, მომხდარის მოტივი, სავარაუდოდ, ანგარიშსწორებაა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მოკლული კაცი შვილთან და ერთ პირთან ერთად იმყოფებოდა.
„რამდენიმე გასროლა მოხდა, მამაკაცი ჩაცხრილეს მანქანაში. ვიცი, რომ ეს უკავშირდება ანგარიშსწორებას, კონკრეტული მიზეზი არ ვიცი. შემთხვევა მოხდა საპატრულო პოლიციის მომსახურების სააგენტოსთან, სადაც მუდმივად პოლიციელები არიან“, – განაცხადა თვითმხილველმა, მარიამ ბჟალავამ.
მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1986 წელს დაბადებული შ.პ. ფოთში დააკავეს.
დანაშაული 7 დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2021 წლის 4 თებერვალს ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, 1978 წელს დაბადებული გ.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად შ.პ. მომხდარიდან მალევე, ფოთში დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – წერია განცხადებაში.