ფოთში სტიქიის გამო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
უხვი ნალექის შედეგად დატბორილია გზები, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ეზოები და მისასვლელი ადგილები, რაც აფერხებს დაწესებულებების მუშაობას.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, შეჩერდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება 21 ოქტომბრიდან, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებამდე“, – აცხადებენ ფოთის მერიაში.
ფოთში მესამე დღეა სტიქია გრძელდება. მერიის ინფორმაციით, გამეორდა ქარბორბალა, რამაც დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები, ძლიერი წვიმის შედეგად კი დატბორილია ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
„ამ დროის მონაცემებით, ნაბადის უბანში ქარბორბალას შედეგად 13, წვიმის შედეგად კი 23 ოჯახი დაზიანდა. ცენტრის უბანში დაზარალებულია – 45 ოჯახი, კუნძულის უბანში ქარბორბალას შედეგად 3 ხოლო წვიმის შედეგად 20 ოჯახია დაზარალებული. მალთაყვის უბანში ქარბორბალას შედეგად დაზიანდა 30 საცხოვრებელი სახლის სახურავი, დატბორვის შედეგად კი 80 საცხოვრებელი სახლი.
შეტყობინებების შემოსვლა და ზარალის ოდენობის დათვლა გრძელდება. დაზარალებულ ოჯახებზე კომპენსაციები უმოკლეს პერიოდში გაიცემა.
მერიის შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ მუშაობას ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად და შემდგომი დღეების განმავლობაშიც აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები”, – ნათქვამია განცხადებაში.
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, უამინდობა 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება.