Fox News: აშშ განაგრძობს კიევისთვის მონაცემების მიწოდებას, რათა პოტენციური რუსული თავდასხმებისგან თავი დაიცვას

პუბლიკა

Fox News სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიუხედავად აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეჩერებისა, ქვეყანა აშშ-სგან ისევ იღებს სადაზვერვო მონაცემებს, რათა პოტენციური რუსული თავდასხმებისგან თავი დაიცვას. 

საუბარია იმ ტიპის სადაზვერვო მონაცემებზე, რომლებიც უკრაინას სამხედრო ძალების დაცვასა და რუსული თავდასხმებისთვის მომზადებაში ეხმარება.

რაც შეეხება აშშ-ს ფედერალური დაზვერვის, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA), გამოძიების ფედერალური ბიუროსა (FBI) და ადამიანური წყაროებისგან შეგროვებული მონაცემებს, ისინი უკრაინას არ მიეწოდება. ასევე, ქვეყანას არ მიეწოდება ის ინფორმაცია, რომლებიც მათ ეხმარებოდა რუსებზე იერიშის მიტანაში.

კიდევ ერთი წყარო Fox News-ს ეუბნება, რომ პაუზა მოსალოდნელია, რომ „ძალიან დროებითი ხასიათისაა” და ყველა მონაცემის გაზიარება შესაძლოა  უახლოეს დღეებში განახლდეს.


6 მარტს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას სამხედრო სადაზვერვო ინფორმაციას აშშ-ის ნაცვლად საფრანგეთი მიაწოდებს. ინფორმაცია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიენ ლეკორნუმ დაადასტურა France Inter Radio-სთან საუბრისას.

„ჩვენი დაზვერვა სუვერენულია. ჩვენ გვაქვს დაზვერვა, რომლითაც უკრაინას სარგებლობის უფლებას ვაძლევთ“, — თქვა ლეკორნუმ.

აშშ უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციას 2022 წლიდან, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდან აწვდიდა.

სადაზვერვო დახმარების შეწყვეტის შესახებ CIA-ს დირექტორმა, ჯონ რატკლიფმა განაცხადა. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ვაშინგტონსა და კიევს შორის პოზიტიური მოლაპარაკებები ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება, დროებითი იყოს.

4 მარტს აშშ-მა უკრაინას ყველა სახის სამხედრო დახმარება შეუჩერა, მათ შორის, გააჩერა ის შეიარაღება და საბრძოლო მასალები, რომლებიც უკვე სატვირთო ხომალდებზე იყო და უკრაინაში უნდა გაგზავნილიყო.

რამდენიმე დღით ადრე, 28 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში იმყოფებოდა. მან, დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვანსმა იკამათეს, შედეგად ხელი არ მოეწერა შეთანხმებას უკრაინის მინერალების შესახებ. ტრამპმა ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომთან თამაშში“ დაადანაშაულა.