Fox News: რესპუბლიკელებმა კონგრესში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის მიერ გაეროს დატოვებას ითვალისწინებს

პუბლიკა

Fox News-ის ინფორმაციით, რესპუბლიკელი სენატორები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დატოვების ინიციატივით გამოდიან. მათ კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს.

მედიის ცნობით, პროექტი, რომლის ავტორია რესპუბლიკელი სენატორი მაიკ ლი, ითვალისწინებს 2025 წელს აშშ-ის მიერ გაეროსა და მასთან დაკავშირებული ყველა სააგენტოდან გასვლას, ასევე ამ უწყებების დაფინანსების შეწყვეტას.

როგორც Fox News წერს, სენატორები ფიქრობენ, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული და უფლებადამცველი ორგანიზაცია ვერ ახერხებს ამერიკის ინტერესების მხარდაჭერას და ვერ ჯდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „ამერიკა პირველ რიგში“ დღის წესრიგში.

„გაერო გადაიქცა ტირანების პლატფორმად და აშშ-სა და მის მოკავშირეებზე თავდასხმის ადგილად. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ამის დაფინანსება.

ახლა, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ჩვენს საგარეო პოლიტიკაში რევოლუციას აწყობს ამერიკის პირველ ადგილზე დაყენებით, უნდა დავტოვოთ ეს მოჩვენებითი ორგანიზაცია და პრიორიტეტად ვაქციოთ ნამდვილი ალიანსები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე მუშაობენ“, – თქვა მაიკ ლიმ.

ერთ-ერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი ტეხასის შტატიდან, ჩიპ როი კანონპროექტის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენასაც აპირებს.

„გაერო სარგებლობდა ამერიკული საგადასახადო ფულით და ხშირად ძირს უთხრის ჩვენს ინტერესებს, თავს ესხმის ჩვენს მოკავშირეებს და აძლიერებს ჩვენს მოწინააღმდეგეებს.

რას მიაღწია გაერომ? მიუხედავად ამდენი ფულისა და ყურადღებისა, ეს კორუმპირებული გლობალისტური ორგანიზაცია, ათწლეულების განმავლობაში, ვერ ახერხებს ომების, გენოციდების, ადამიანის უფლებათა დარღვევების და პანდემიების თავიდან აცილებასაც კი“, – განაცხადა კონგრესმენმა Fox-თან საუბრისას.

მედიის ცნობით, კანონმდებლობა ასევე აკონკრეტებს, რომ აშშ-ს არ შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს გაეროსთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში და უკრძალავს აღმასრულებელ შტოს გაეროსთან ან მის შვილობილ ორგანიზაციებთან წევრობის შეთანხმების დადებას სენატის თანხმობის გარეშე.

Fox News აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კვლევითი ცენტრის საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატები გაეროს ყველა სხვა ქვეყანაზე მეტს უხდის – 2022 წელს აშშ-მა გაეროს 18 მილიარდ დოლარზე მეტი გადაუხადა, რაც გაეროს მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით მესამედს უდრის.

4 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (UNHRC) დატოვებას ითვალისწინებდა.