ფრანგული კინოს საკულტო ფიგურა ანა კარინა გარდაიცვალა

პუბლიკა

ფრანგული კინოსა და თეატრის მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი ანა კარინა 79 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. ანა კარინა თამაშობდა ცნობილ ფილმებში „აუთსაიდერების ბანდა“, „შეშლილი პიერო“, „ცხოვრება საკუთარი ცხოვრებით“ და სხვ.

ანა კარინა, რომელიც ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი საკულტო ფიგურაა, ცნობილი რეჟისორის ჟან-ლუკ გოდარის ყოფილი ცოლია.

„დღეს ფრანგული კინო დაობლდა“, – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის კულტურის მინისტრი ანა კარინას გარდაცვალებას.

ანა კარინა ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, როცა დანიიდან საფრანგეთში გაემგზავრა და სამოდელო კარიერა დაიწყო. მოგვიანებით ის გოდარს დაუახლოვდა და 1961 წელს მასზე იქორწინა. ანა კარინამ ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში ბერლინის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მოიგო.