საპარლამენტო ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ არ დაესწრება პარლამენტის პლენარულ სხდომებს, სანამ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვას. ამის შესახებ ფრაქციის წევრებმა სალომე სამადაშვილმა და ანა ნაცვლიშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს.
„ჩვენ ვიყენებთ ჩვენთვის მონიჭებულ უფლებას საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს რეგლამენტით და ვაცხადებთ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში, სანამ სახელმწიფო და ხელისუფლება არ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ადეკვატურ დაცვას და არ გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც შეიძლება უკავშირდებიდეს მის სიცოცხლეს“, – ამბობს სალომე სამადაშვილი.
როგორც მან აღნიშნა, ფრაქციამ ამის შესახებ უკვე ოფიციალურად მიმართა პარლამენტს.
„მსურს, რომ ხელისუფლებამ ისევე, როგორც საერთაშორისო პარტნიორებმა მიიღონ ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ განაცხადი, როგორც ძალიან სერიოზული გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა შედის უმძიმეს კრიზისში და მოითხოვს შესაბამის რეაგირებას, როგორც ხელისუფლების, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“, – აღნიშნა სამადაშვილმა.
ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის ბოიკოტის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.