ფრაქცია „ლელო“ პარლამენტის სხდომების ბოიკოტის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

პუბლიკა

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის ბოიკოტის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ფრაქციის წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ მამუკა ხაზარაძის გარდა, ფრაქციის სხვა წევრები მანდატის დატოვებას არ აპირებენ.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, რომელიც უნდა გადაიჭრას საქართველოს პარლამენტში, მათ შორის, უახლოეს მომავალში ველოდებით საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ამ ქვეყნის მომავლისთვის და ჩვენ ცხადია, გამოვიყენოთ ჩვენი საპარლამენტო უფლებამოსილება ამ პოლიტიკური ცვლილებების მხარდასაჭერად.

შესაბამისად, თქვენ იცით მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება და დღეს ფრაქციის არც ერთი სხვა წევრი პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას არ იღებს. ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება მოტივირებული პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი და დანიშნულება“, – განაცხადა სამადაშვილმა.


ფრაქცია „ლელო“ აცხადებს, რომ არ დაესწრება პარლამენტის პლენარულ სხდომებს, სანამ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვას.