საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „ანტი-LGBT კანონი, ისევე „აგენტების კანონის” მიღება, პირდაპირ კრემლის ავტორიტარული სახელმძღვანელოდან არის ამოღებული”.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ოფიციალურ პირებს, კურსი შემოაბრუნონ.
„მკაცრად ვგმობთ საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც სხვა არაფერია, გარდა საქართველოს LGBT+ საზოგადოებასა და ყველა ქართველის ფუნდამენტურ თავისუფლებებზე თავდასხმისა.
ეს ნაბიჯი, ისევე როგორც გასულ მაისს ქვეყანაში „აგენტების კანონის” [რუსული კანონი] მიღება, პირდაპირ კრემლის ავტორიტარული სახელმძღვანელოდან არის ამოღებული და საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას კვლავ კითხვის ქვეშ აყენებს.
საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, კურსი შეაბრუნონ”, – ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტმა დღეს, 17 სექტემბერს მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო ცენზურის დამწესებელი, ჰომოფობიური კანონების პაკეტი.
კენჭისყრაზე მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. ასევე კენჭი უყარეს ამ კანონის თანმდევ პროექტებსაც, რომლებმაც უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ – ასე ჰქვია კანონპროექტს, რომელიც აწესებს ცენზურას, ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და შემოაქვს ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჩანაწერები; რიგ შემთხვევებში ასევე აწესებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც.
გარდა ამ საკანონმდებლო პაკეტისა, „ქართულ ოცნებას“ ასევე ინიციირებული აქვს კონსტიტუციური პროექტი, რომელიც ამ საკითხების კონსტიტუციაში ასახვასაც ითვალისწინებს.
მომავალ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში „ოცნება“ საკონტიტუციო პროექტის კენჭისყრასა და მიღებას აპირებს.