Freedom House „ოცნებას“ რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უკან გაიწვიოს „რუსული კანონი“.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონი ხელახალა დააინიცირის თითქმის 1 წლის შემდეგ, რაც მსგავსი კანონი საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტის გამო უკან გაიწვიეს.

უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღება საქართველოს დააკავშირებს რუსეთისა და ყირგიზეთის მსგავს ავტოკრატიებს, რომლებიც სისტემურად მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე. ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიაზე ორიენტირებული ევროპული ინტეგრაციისგან”, – აღნიშნულია Freedom House-ის განცხადებაში.


„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.