Freedom House: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება

პუბლიკა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House ეხმაურება საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივად დაშლას და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი შეკრების უფლება უნდა დაიცვას.

„ჩვენ ვგმობთ წუხელ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ქართული პოლიციის მიერ ცრემლმდენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებას – ისინი აპროტესტებდნენ პარლამენტში წარდგენილ უცხოური აგენტების კანონს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების უფლება”, – წერია განცხადებაში.

გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობრივად დაშალა – გამოიყენეს ცრელმდენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. შედეგად, არაერთი მოქალაქე დაშავდა და მათ სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ადგილზევე დასჭირდათ.

გარდა ამისა, შსს-მ დააკავა 63 ადამიანი, მათგან ერთ-ერთი საქართველოში მცხოვრები ამერიკელი იურისტია, რომელმაც აღნიშნა, რომ დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ და აქვს დაზიანებები თავზე, თვალებსა და ზურგზე.