Freedom House: საქართველოს რეიტინგი 4 ქულით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა ევრაზიის რეგიონში

პუბლიკა

დღეს, 19 მარტს გამოქვეყნდა Freedom House-ის ანგარიში, რომელიც 2025 წელს მიმოიხილავს.

საქართველოს შესახებ ორგანიზაცია წერს, რომ ქვეყნის რეიტინგი ბოლო 1 წელიწადში 4 ქულით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა ევრაზიის რეგიონში. ევრაზიის რეგიონში 12 ქვეყანა შედის: საქართველო, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი.

საქართველოს რეიტინგი ახლა 51-ია და ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად მიიჩნევაა. გასულ წელს ქვეყნის რეიგინტი 55 იყო.

Freedom House აღნიშნავს, რომ რეიტინგის ვარდნის მიზეზებია: სასტიკი მოპყრობა დემონსტრანტების მიმართ, მათზე ფიზიკური თავდასხმები, დევნა და სამართლებრივი შეზღუდვები, „რაც მიზანად ისახავდა ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების საჯარო საქმიანობაში მონაწილეობის შეფერხებას“.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ „საქართველოში 2024 წელს დაწყებული ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო პროტესტი 2025 წლის განმავლობაშიც გაგრძელდა მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტები პოლიციის მხრიდან არაპროპორციულ ძალასა და სასტიკ მოპყრობას აწყდებოდნენ“.

„მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოპონენტები ფიზიკური თავდასხმების, დევნისა და ახალი სამართლებრივი შეზღუდვების მსხვერპლნი გახდნენ, რაც მიზნად ისახავდა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების საჯარო საქმიანობაში მონაწილეობის შეფერხებას. ქვეყნის რეიტინგი 4 ქულით შემცირდა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

გარდა ამისა, Freedom House საუბრობს საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

„ხმების მოსყიდვა და დაშინება არა მხოლოდ გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე, არამედ შესაძლოა გახდეს პირველი ნაბიჯი უფრო ფართო საარჩევნო მანიპულაციებისკენ.

მაგალითად, საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, მართალია მშვიდობიანად ჩატარდა, თუმცა მას ჩრდილი მიაყენა სარწმუნო ცნობებმა უკანონო კამპანიის შემოწირულობების, ხმების მოსყიდვისა და გავლენიანი პოლიტიკური ელიტების მხრიდან დაშინების შესახებ.

2018 წლის ნოემბერში, არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე საქველმოქმედო ფონდი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი (საქართველოს უმდიდრესი ადამიანი და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი) აკონტროლებს, 600,000-ზე მეტ ქართველ ამომრჩეველს ვალების ჩამოწერას დაჰპირდა. მას შემდეგ ქვეყნის არჩევნებს კიდევ უფრო მასშტაბური პრობლემები დაემატა, მათ შორის სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება, ფიზიკური დაშინება საარჩევნო უბნებზე, ძალადობა, პოლიტიკური პარტიების ბოიკოტი და კენჭისყრის ფარულობის დარღვევის მუქარა“.

Freedom House ასევე ხაზს უსვამს აკადემიური თავისუფლების, პოლიტიკური ოპოზიციისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, რამაც „ხელი შეუწყო თავისუფლების საერთო ვარდნას“.

„ევრაზია იყო ერთადერთი რეგიონი მსოფლიოში, სადაც არც ერთი ქვეყნის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, თუმცა მცირე წინსვლა შეინიშნებოდა სეპარატისტების მიერ მართულ საქართველოს ტერიტორიაზე – აფხაზეთში“, – წერია ანგარიშში.

ორგანიზაციას ასევე პრობლემად მიაჩნია შემდეგი:

„საქართველოში მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პროფესორები სამსახურიდან გაათავისუფლეს, რაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან განათლების სისტემაზე პოლიტიკური კონტროლის გაფართოების მცდელობის ნაწილია.

გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ მთავრობამ შექმნა საპარლამენტო კომისია ოპოზიციის წევრების გამოსაძიებლად და დააპატიმრა ისინი, ვინც მასში მონაწილეობაზე უარი თქვა, ზოგს კი პატიმრობა შეუფარდა შეთითხნილი ან ფალსიფიცირებული ბრალდებებით“.