საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House გმობს რუსულ კანონს და მიმდინარე რეპრესიებს, მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს რუსული კანონი, ხოლო აშშ-ს, ევროკავშირს და დიდ ბრიტანეთს, გაერთიანდეს როგორც რეპრესიების ასალაგმად, ისე სანქციების დასაწესებლად მმართველი პარტიის ლიდერებისთვის.
განცხადებას სრულად გთავაზობთ:
„ვგმობთ მიმდინარე რეპრესიებს და ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან შემზღუდავ კანონს „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ”.
Freedom House მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რომლებიც თანმიმდევრულად და უმრავლესობით უჭერს მხარს თავისი ქვეყნის დემოკრატიულ გზას. ჩვენ ვუერთდებით მათ, რათა შეშფოთება გამოვხატოთ საქართველოს საქართველოს მთავრობის მიერ „უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის” მეორედ მიღების მცდელობას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და მედიებს დაავალდებულებს, დარეგისტრირდენ, როგორც „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ორგანიზაციები”. თუ მას მიიღებენ, მოხდება ლეგიტიმური სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზება, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებას მისცემს დამატებით ბერკეტებს, დააჯარიმონ ისინი.
ეს საქართველოს დააკავშირებს ისეთ რეპრესიულ რეჟიმებთან, როგორიც არის რუსეთი და ყირგიზეთი – ავტოკრატიები, რომლებიც სისტემურად მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე მსგავსი ზომების გამოყენებით და მნიშვნელოვნად შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მცდელობებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მოწოდებას „ქართული ოცნების“ მიმართ: დაუყოვნებლივ გააუქმოს შემოთავაზებული კანონი.
Freedom House ასევე გმობს მიმდინარე რეპრესიებს და ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებმაც დაიკავეს თბილისის ქუჩები, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ კანონპროექტს – რეპრესიებს მათ შორის წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და მასობრივი დაპატიმრებების გამოყენებით.
ჩვენ ასევე ღრმად შეშფოთებულები ვართ მუქარებითა და თავდასხმებით ადამიანის უფლებათა დამცველებზე, ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე და მათ ოჯახებზე თავდასხმას. ასეთი რეპრესიები მიუღებელია ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირისკენ ისწრაფვის.
ჩვენ აშშ-ს, ევროკავშირს და დიდ ბრიტანეთს დაჟინებით მოვუწოდებთ კოორდინირებული ქმედებისკენ, რათა ალაგმოს რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამ მთავრობებმა უნდა დაიჟინონ, რომ ვენეციის კომისიას შესაძლებლობა მიეცეს, შეაფასოს ინიციირებული კანონი და მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან. სამგზავრო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახის წევრებს, თუ კანონი მიიღება ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე ან მის დასკვნამდე.
ეს არის კრიტიკული ეტაპი საქართველოს დემოკრატიული გზისთვის. დემოკრატიული მთავრობები უნდა დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით და გაუგზავნონ მკაფიო მას გზავნილი, რომ „ქართული ოცნების” მთავრობის ამჟამინდელი ქმედებები არ იქნება შემწყნარებელი”.