Freedom House-მა ინტერნეტის თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა.
საანგარიშო პერიოდი 2024 წლის 1 ივნისიდან 2025 წლის 31 მაისამდე პერიოდს მოიცავს.
Freedom House წერს, რომ ამ პერიოდში საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების დონე გაუარესდა.
გასული წლის ანგარიშში საქართველოს 100-დან 74 ქულა ჰქონდა, ახლა კი – 70 ქულა აქვს.
ორგანიზაცია გაუარესებას იმით ასაბუთებს, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო სულ უფრო შემზღუდავი ზომები იმ მედიების და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, რომლებიც ონლაინ ოპერირებენ. ონლაინ მედიის თანამშრომლები იღებდნენ მუქარებს და იყვნენ ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლები. იზრდებოდა საკანონმდებლო თუ არასაკანონმდებლო ზეწოლა, რამაც ხელი შეუწყო თვითცენზურას.
Freedom House წერს, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ წვდომა ძლიერ ინტერნეტზე, არ იბლოკებოდა ვებსაიტები. აზრის ონლაინ გამოხატვა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტით არის დაცული. რამდენიმე ადამიანი საანგარიშო პერიოდის შემდეგ დააკავეს.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ საქართველო რეგულარულად ატარებს არჩევნებს და ჰყავს მედია და სამოქალაქო საზოგადოება.
„თუმცა, ოლიგარქიული გავლენა ზემოქმედებას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე. ოპოზიციის წარმომადგენლები ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ მთავრობის მიერ შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ფონზე.
მთავრობაში კორუფცია კვლავ გრძელდება. მედიის თავისუფლებას ძირს უთხრის ჟურნალისტების ძალადობა და დაშინება. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა სასამართლოებში კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, ისევე როგორც სასამართლო პროცესებთან დაკავშირებული გამჭვირვალობისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა. ბოლო წლებში ეს ნეგატიური ტენდენციები გაუარესდა”. – წერს Freedom House.