#freemisha კამპანია არაა ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი. ვფიქრობ, ეს დაინახა სააკაშვილმა - სამნიძე

პუბლიკა

„#freemisha კამპანია არ არის ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი. ვფიქრობ, ეს დაინახა მესამე პრეზიდენტმა და თვლის, რომ ეს არის ცალკე გასაკეთებელი კამპანია, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 „მე ამ იდეის დეტალები არ ვიცი, მაგრამ #freemisha კამპანია, მიშას გათავისუფლება არის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ არის ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი. ვფიქრობ, რომ ეს დაინახა მესამე პრეზიდენტმა და ის თვლის, რომ ეს არის ცალკე გასაკეთებელი კამპანია. დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი არის ის, რომ შევძლოთ და მოვიპოვოთ რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ მე ვფიქრობ და ამ შემთხვევაში ვსაუბრობ „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით, რომ სანამ რიგგარეშე არჩევნების მოპოვებას შევძლებთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწორედ ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობით „ქართულმა ოცნებამ“ კენჭისყრაზე დააყენოს საკონსტიტუციო ცვლილებები და ჩვენ მივიღოთ ეს ცვლილებები,“ – განაცხადა სამნიძემ.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში წერს, უმჯობესი იქნება, მისი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც, ერთი მხრივ, გაითვალისწინებს ოპოზიციის გენერალურ პოლიტიკური ხაზს და, მეორე მხრივ, კოორდინაციას გაუწევს მიმდინარე კამპანიას.