ფრენების აღდგენის შესახებ, სავარაუდოდ, აბაშიძე-კარასინის საუბრის ჩანაწერი ვრცელდება

პუბლიკა

სოციალურ ქსელებში აუდიოჩანაწერი ვრცელდება, რომელშიც აუდიოჩანაწერის  გამავრცელებლის ცნობით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის და საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის საუბრია ასახული.

ჩანაწერის მიხედვით, როემლიც 2022 წლის 15 მარტით თარიღდება სავარაუდოდ კარასინი აბაშიძეს ქართულ მხარესთან საჰაერო მიმოსვლის განახლების განხილვის შესაძლებლობაზე ესაუბრება.

ჩანაწერის ავთენტურობა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის. 

გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ კარასინი ფრენების აღდგენის იდეაზე საუბრობს და ამბობს, რომ სანამ სიტუაცია არ დაწყნარდება, ჯობია, მისი განხილვა გადადონ. ამ მოსაზრებას ეთანხმება, სავარაუდოდ, ზურაბ აბაშიძე და აცხადებს, რომ უნდა დაელოდონ, სანამ „ქარიშხალი არ გადაივლის”.

„გ.კ. – ….. როგორც იცი, სიტუაცია რთულია და თან მრავალფეროვანი. ჩვენი ტრანსპორტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იქნებ ქართულ მხარესთან შესაძლებელი იყოს საჰაერო მიმოსვლის განახლების განხილვა და კიდევ ისმის მოსაზრებები, რომ სახმელეთო საგზაო კავშირებიც უნდა აღდგეს და ასე შემდეგ… ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ამ საკითხების წამოწევა და განხილვა ჯერ ნაადრევია. ვცდები?

ზ.ა. – არა, მართლი ხარ. აბსოლუტურად მართალი.

გ.კ. – საჭიროა, რომ ცოტა მოვიცადოთ, სანამ სიტუაცია დამშვიდდება.“

ჩანაწერის ავთენტურობის გადასამოწმებლად „პუბლიკა“ ზურაბ აბაშიძესთან დაკავშირებას ცდილობს.

აღნიშნული ჩანაწერი გავრცელდა იმავე არხზე, სადაც ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარი გამოქვეყნდა.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2023 წლის 15 მაისიდან გაუქმდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.