ფრენების დაწყება საქართველოს მიერ არჩეული გზის საწინააღმდეგოა - ლიეტუვის საგარეო

პუბლიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა საქართველოს მიერ არჩეული გზის საწინააღმდეგოა. უწყებამ განცხადება Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

ლიეტუვა მოუწოდებს მთავრობას, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესაბამისობაში მოვიდეს.

„იმედგაცრუებით გვსურს აღვნიშნოთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა საქართველოს ინტერესებისა და მის მიერ არჩეული ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალი გზის საწინააღმდეგოა.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს, მოვიდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გატარებულ სანქციებთან შესაბამისობაში, მათ შორის საავიაციო სექტორში”, – ნათქვამია განცხადებაში.


რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე საათის წინ დაეშვა. ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ეს მოსკოვიდან პირველი რეისია.

10 მაისს ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.

15 მაისს საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ავიაკომპანია Azimuth Airline-ს მისცა.  სამოქალაქო ავიაციაში ამბობენ, რომ ავიაკომპანია Azimuth Airlines არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. მათივე ცნობით, კომპანია კვირაში 7 რეისს შეასრულებს.