საქართველომ ფრენის აღდგენის შესახებ მოგვმართა - ჯაბაროვი

პუბლიკა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმერ ჯაბაროვის თქმით, ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ რუსეთს თავად საქართველომ მიმართა.

პროკრემლისტური გამოცემა „სპუტნიკი“ წერს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე ჯაბაროვმა მათ მიერ ორგანიზებული ვიდეოხიდის „მოსკოვი-მინსკის“ დროს ისაუბრა. გამოცემის მიხედვით, სენატორმა განაცხადა, რომ საქართველომ მათ რამდენიმე კვირის წინ მიმართა და „აეროფლოტის“ ფრენების აღდგენის საკითხი დასვა.

„რამდენიმე კვირის წინ საქართველომ ითხოვა „აეროფლოტის“ ფრენის აღდგენა. თუმცა კი ამ საკითხს საქართველოს მმართველმა პარტიამ დაუჭირა მხარი, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს“, – თქვა ჯაბაროვმა.

ასევე ჯაბაროვის თქმით, ფრენის აღდგენა როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მოქალაქეების ინტერესებშია. თუკი რუსეთის მოქალაქეები მოხარული იქნებიან ტურისტული მიზნების გათვალისწინებით, საქართველოს ბევრი მოქალაქე რუსეთში მუშაობს და მათ შეეძლებათ თავიანთი ნათესავების უფრო მარტივად მონახულება.

ჯაბაროვი დასძენს, რომ პირდაპირი ფრენის აღდგენას ევროკავშირი ეწინააღმდეგება. რომელიც, მისი მტკიცებით, უხეშად ერევა საქართველოს საქმეებში. მისი თქმით, სანქციების გამო, ფრენის აღდგენა რთული იქნება.

ინფორმაციის გადამოწმებას „პუბლიკა“ ეკონომიკის სამინისტროში ცდილობს.


რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის კომენტარის შემდეგ განახლდა. ლავროვმა მაშინ საქართველოს ხელისუფლება შეაქო, რომელმაც მისი მტკიცებით, გაუძლო დასავლეთის ზეწოლას, შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ფრენა მალე აღდგებოდა.

ლავროვის საპასუხოდ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას შეამსუბუქებს და ეს მისასალმებელია.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი ფრენის შესაძლო აღდგენა გააკრიტიკა.

რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმომსვლის აღდგენის შესახებ საუბრობდა Georgian Airways-ის ყოფილი დირექტორი და ამჟამად მოსკოვის და საქართველოს ბიზნესბროკერიჯის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია. გადაცემა „საქმის კურსში“ სტუმრობისას, მან განაცხადა, რომ გასული წლის 7 დეკემბერს რუსეთში შედგა შეხვედრა, სადაც რუსებს სთხოვეს, რომ „უბრალო ხალხს, ქართველებს ფრენების აღდგენა გვჭირდება“.